ვიტალი ბალა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა დავიწყოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვიტალი ბალამ განაცხადა.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში უკრაინამ უნდა აჩვენოს ყველას, რომ მზად არის, დაიცვას საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ასპექტი: დიპლომატიური ურთიერთობები და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში სამხედრო მდგომარეობის შემოღება. დასავლელ პარტნიორებს უნდა ვაჩვენოთ, რომ თავს დავიცავთ ყველა შესაძლო ძალითა და საშუალებით“, – განაცხადა ვიტალი ბალამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.

„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ – ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

Leave a Reply