რუსები აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიან პროექტს სთავაზობენ. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს სოხუმში მყოფმა რუსული კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტებმა განუცხადეს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
რუსები აფხაზეთში გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების მიზნით იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის გაზიფიკაციის რამდენიმე სცენარი აქვთ. ეს არის ქსელის გაზიფიცირება, თხევადი ბუნებრივი აირით ავტონომიური გაზიფიცირება და ენერგეტიკული ობიექტების გაზიფიცირება.
კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთავაზებული სცენარების გატარება სამომავლოდ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ისინი სოხუმში გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის რეალიზაციისთვის იმყოფებოდნენ.