ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში.
“ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ”, – თქვა რაისიმ 20 თებერვალს ყატარში გამგზავრებამდე, ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში.
ულტრაკონსერვატორი რაისისთვის ეს მესამე ვიზიტია უცხოეთში მას შემდეგ, რაც აგვისტოში ხელისუფლებაში მოვიდა.
11 წევრისგან შემდგარი ჯგუფის ექსპერტებმა შეხვედრა 20 თებერვალს დაიწყეს, 21 თებერვალს სამიტი მინისტრების დონეზე გაგრძელდება, 22 თებერვალს კი მასში სახელმწიფოების და მთავრობების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
ირანს, რომელშიც უმრავლესობას შიიტები წარმოადგენენ, ხშირად ჰქონდა რთული ურთიერთობა სპარსეთის ყურის სუნიტთა უმრავლესობის მქონე სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით საუდის არაბეთთან, რადგან ორი ქვეყანა რეგიონში გავლენისთვის ერთმანეთის მეტოქეა. მაგრამ ბოლოს წლებში რეგიონის ბევრი ქვეყანა ცდილობს თეირანთან კავშირების გაძლიერებას.
წყარო: “რადიო თავისუფლება”