„ამ კვირის განმავლობაში, გვექნება შეხვედრები ელექტროავტომობილების მწარმოებლებთან. ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს და მედიას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. მათ შორის, განვიხილავთ ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან. ეს შეხვედრა ამ კვირაში შედგება ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ელექტრომობილების საქართველოში წარმოება საკმაოდ სასურველი პროექტია, მაგრამ – საკმაოდ რთულიც.
„განსაკუთრებით, თავისი კორექტივები ამაში პანდემიამ შეიტანა. სამრეწველო ინვესტიციები, რომელმაც, შეიძლება, ბევრი ადამიანი დაასაქმოს და ვაწარმოოთ პროდუქტი, რომლითაც ქვეყანა მეტ საექსპორტო შემოსავალს მიიღებს, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. მათ შორის, ვგულისხმობ უცხოურ ინვესტიციებს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. თუ ინვესტორის მხრიდან იქნება დაინტერესება ასეთი ბატარეების წარმოების, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, გვაქვს პაკეტი, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ. ეს პაკეტი დამატებით მოტივატორებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო კრეატიული და ღია, გახსნილი მიდგომა, ინვესტორის საჭიროებებზე მორგებული, რომელიც, შეიძლება, ამ კონკრეტულ პაკეტში გათვალისწინებული ვერ იყოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.