ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

გარემონტებული და აღდგენილი ენგურჰესი მთლიანად სეპარატისტებზე მუშაობს

ახალრეაბილიტირებული ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული მთელი ელექტროენერგია ისევ აფხაზეთის ენერგომომარაგებას  ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ დონეზე გაცხადდა დენის მიწოდების სტანდარტის 60/40-ზე პირობების დაცვის შესახებ, სინამდვილეში არაფერი იცვლება. ,,ენგურჰესი“ კვლავ სეპარატისტებს ემსახურება და საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება ისევ მატულობს. 

საქართველომ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გააორმაგა. ესკოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 96%-ით – 406.4 მლნ კვტ/სთ-მდე გაზარდა. თითქმის 2%-ით მოიმატა ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის იანვართან შედარებითაც.

პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ საკითხი გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა და რეალობის შეცვლა არც ეკონომიკის ახლადდანიშნულ მინისტრს – ლევან დავითაშვილს შეუძლია, ისევე როგორც მისმა წინამორბედებმა ვერაფერი გააკეთეს.

ამასობაში რეალობა უცვლელია:  ენგურჰესის ენერგიის 100%-ს რუსეთის ბაზები, სეპარატისტული საწარმოები და აფხაზეთში განთავსებული კრიპტოვალუტის ფერმები სრულიად უფასოდ იყენებენ. ოკუპირებული რეგიონი უფრო მეტ დენს მოიხმარს, ვიდრე 1,5-მლნ-იანი თბილისი, თუმცა ზამთარში ტერიტორია მაინც ჩაბნელებულია. ასეთ ფონზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულება ინტენსიურად იზრდება.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ აფხაზეთი, რა თქმა უნდა, კვლავ არის საქართველოს ნაწილი და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მათ შორის ენერგეტიკულად, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ ყიდვა დაგვჭირდეს. ის, რაც ენგურჰესთან დაკავშირებით ხდება, წარმოუდგენელი უსამართლობაა.

,,შეფასებაც კი შეუძლებელია, ეს არის ყოველგვარი ნორმის დარღვევა.  ენერგეტიკის სექტორში ასეთი უსამართლო განაწილება, არ მგონია სადმე კიდევ არსებობდეს. მწარმოებელი მხარე სრულად იჩაგრება მომხმარებლის პრივილეგიების ხარჯზე. თან ეს ხდება ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებებისა და პირობების გარეშე, უბრალოდ, მიაქვთ იმდენი, რამდენიც დასჭირდებათ. ეს იქცა ტრადიციად. ჩვენ თავად გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, გამომუშავება შემცირებულია ჰიდროლოგიური მიზეზების გამო, ამ პირობებში კი მეორე მხარე აკეთებს იმას, რასაც მოისურვებს.

მიზეზი გახლავთ წლების წინ მიღებული შეთანხმება. იქამდე განაწილება სახელმწიფოს შიგნით ხდებოდა და აფხაზეთი მხარედ არც კი ითვლებოდა. დღეს მდგომარეობა შეცვლილია და განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ენერგეტიკოსმა.

აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის მოწესრიგებას ითხოვს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძეც. მისი აზრით, უნდა  მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რა აჯობებს, რომ მუდმივად საქართველოს ინტერესები არ ზარალდებოდეს.

,,აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით  ცენტრალური ხელისუფლების მიდგომა არის არასწორი.  60/40-ზე მოდელს თითქოს დავუბრუნდით, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, ეს პირობა რეალურად ვერ შესრულდა. როგორც ჩანს, ვერც შესრულდება. ჩვენ ისევ ვამარაგებთ რუსულ ბაზებს, კრიპტოვალუტების გამომუშავებას და ზომებს ვერ ვიღებთ. ამ მოცემულობაში ვერც ლევან დავითაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას სიტუაციის შესაცვლელად, პრაქტიკულად, ვერაფერს  გააკეთებს ეკონომიკის მინისტრის სტატუსის მიუხედავად.

აფხაზეთის ენერგომომარაგება უფრო გლობალური თემაა, საერთო პოლიტიკური და სტრატეგიული მიდგომაა, რასაც დავითაშვილი ვერ გაუმკლავდება, ისევე როგორც მისი წინამორბედები. დავთმეთ და მივეცით აფხაზეთს ეს პროცენტები, უკვე რთულია.

ახლა, ზამთარში მით უფრო არის პრობლემა, რადგან ,,ენგურჰესის“  გამომუშავება  ნაკლებია სეზონურობიდან გამომდინარეც. ოკუპირებული რეგიონი თბილისზე მეტს მოიხმარს, როცა 3-ჯერ ნაკლები მოსახლეობაა, ვერაფერს ვუხერხებთ, მაგრამ აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხია. ენერგეტიკაში არ არის სტრატეგიული გეგმა, წინმსწრები ხედვა, რაც იმპორტთან დაკავშირებით საბოლოოდ დიდ პრობლემას ქმნის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ სწორი მიდგომა იქნება, დენის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკად.

,,გამრიცხველიანება აფხაზეთში დენის მოხმარებას შეამცირებს. ამაზე სერიოზულად მიდიოდა საუბარი წლების განმავლობაში, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. კარგი იქნება, თუ ამ საკითხს დაუბრუნდებიან.  მხოლოდ ამის შემდეგ დენის მოხმარება შეიძლება ნამდვილად  ჩაჯდეს 60/40-ის სტანდარტში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო”, – განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ენერგეტიკოსმა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში დენის მოხმარების ზრდას  დიდწილად მაინინგის პროცესს უკავშირდება. ციფრული ვალუტის გამომუშავება გახშირდა იმ რეგიონებში, რომლებსაც დენი შეღავათიანი პირობით ან სულაც უფასოდ მიეწოდება.

ენგურჰესი ამჯერად დიდი შეფერხებით მუშაობს და მიზეზი წყლის სიმცირეა. ინფორმაციას ჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონიამ ადასტურებს. ენგურის გამომუშავება დღე-ღამეში 120 მეგავატს არ აღემატება.

„წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად, ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია, სრულად აფხაზებს მიაქვთ. რაც მათი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 28%-ია. 320 მეგავატი აფხაზებს რუსეთიდან შემოაქვთ“, – აღნიშნა მებონიამ.

საერთო ჯამში, ერთი თვის განმავლობაში აფხაზეთი 440 მგვტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply