ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რუსული გაზი საქართველომაც იყიდოს.ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული გაზით მარაგდება მთელი ევროპა და ამაში უჩვეულო არაფერია.
„რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის. იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეთ მათ არჩევის საშუალება. მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის თქმით, საქართველო მადლიერია აზერბაიჯანული მხარის, გაზის, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იყოს მონოპოლისტი ბაზარზე, „ამაში კარგის მეტი არაფერია”.
“ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია.
აღნიშნული საკითხიდან აჟიოტაჟს ქმნის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიაზე “თელასი” სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გასხვისდა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.