იაპონიის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ JR East დღეს ოფიციალურად წარმოადგინა მატარებელი „ჰიბარი“, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ის ჟურნალისტებს კომპანიის ექსპერიმენტულ ბაზაზე ქალაქ კავასაკიში უჩვენეს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს.
მატარებლის ცდები მარტის მეორე ნახევრიდან იაპონიის დედაქალაქის ზონაში დაიწყება.
მატარებლის ძრავი წყალბადისა და ჯანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნის ელექტროენერგიას, რომელიც გროვდება სპეციალურ დიდი ტევადობის ელემენტებში. შედეგად ეს მატარებელი ემისიების სახით მხოლოდ გარემოსთვის უვნებელ ორთქლს უშვებს. ამ ტიპის მატარებელს ერთჯერადად 140 კმ მანძილის დაფარვა შეუძლია. მისი გამოყენება დაიწყება სოფლებში, სადაც ამ დრომდე ექსპლუატაციაშია თბომავლები, რომლებიც დიზელზე მუშაობენ.
JR East-ის მატარებლები ყოველწლიურად ატმოსფეროში 2,5 მლნ ტონა ნახშირბადის აირს აფრქვევენ. კომპანია გეგმავს ამ და სხვა ტიპის ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად უკვე 2030 წლისთვის ემისიები ორმაგად შეამციროს, ხოლო 2050 წლისთვის ის სრულად გაანულოს.
წყარო: bpn.ge