ირანის უზენაესმა ლიდერმა, ვენაში მოლაპარაკების ფონზე განაცხადა, რომ ირანს სურს ბირთვული ენერგია და არა – იარაღი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ თეირანს სჭირდება ბირთვული ენერგია და არა – იარაღი. ეს მან თქვა მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებაში გაჩენილი გარღვევის ნიშნების ფონზე.

კომენტარებში, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაიცა 17 თებერვალს, შეურიგებელმა ხამენეიმ, რომელიც სრულ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ირანში, განაცხადა, რომ თეირანმა “ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს” და რომ “ადრე თუ გვიან ჩვენ უცილობლად დაგვჭირდება მშვიდობიანი ბირთვული ენერგია”.

ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების შესახებ, რომელიც დაიდო, რადგან ქვეყნები შეშფოთებული იყვნენ იმის გამო, რომ თეირანი არ იყო გულწრფელი თავისი ბირთვული პროგრამის მიზნების შესახებ. ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის წარმომადგენლები.

აშშ მოლაპარაკებაში არაპირდაპირ იღებს მონაწილეობას, რადგან ირანმა უარი თქვა ამერიკულ დელეგაციასთან პირისპირ შეხვედრაზე.

ირანს სულ უფრო მძიმე სანქციები დაუწესდა გაეროს მხრიდან, ისევე როგორც შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან, სანამ 2015 წელს მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებთან არ დაიდო შეთანხმება თეირანის ბირთვული მოქმედებების შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქების შესახებ.

მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 2018 წელს შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გამოიყვანა და ირანს თავიდან დაუწესა მკაცრი სანქიები, რომლებმაც დარტყმა მიაყენეს მის ეკონომიკასა და ფინანსებს.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply