აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ, როგორც სააგენტო APA.az იტყობინება, SOCAR–ის ვიცე–პრეზიდენტმა სულეიმან გასიმოვმა განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზრის გაზით მომარაგებას ახორციელებს SOCAR–ი. აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს. მოლაპარაკებები, რომლებსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი – ენერგეტიკისმინისტრი კახა კალაძე რუსულ „გაზპრომთან“ აწარმოებს, არის სახელმწიფოს პირადი საქმე და ეს არანაირ გავლენას არ ახდენს SOCAR–თან ურთიერთობაზე. კახა კალაძემ თავად განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან არავითარი პრობლემა არ არის,“– განაცხადა გასიმოვმა.
როგორც ცნობილია,ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და რუსული ენერგოგიგანტის “გაზპრომის” ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მორიგი შეხვედრა მილანში გაიმართა. „გაზპრომის“ ოფიციალური საიტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს გავლით გაზის შესაძლო ტრანზიტი.
„შეხვედრაზე გაგრძელდა რუსული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის და მისი კომერციული მიწოდების საკითხების განხილვა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.
კალაძესა და მილერს შორის შეხვედრა 25 სექტემბერს ბრიუსელშიც გაიმართა. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მოთხოვნილებას სრულად ვერ აკმაყოფილებს.
“როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რა საკვირველია, კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, ეს ძალიან კარგი იქნება”,- განმარტა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ SOCAR Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდებას.