„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) იანვრის თვის ელექტროენრგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 24 მილიონ 820 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვრის გამომუშავებაზე 26,9%-ით მეტი.
თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 48,8%-ით (341.285 მლნ კვტ.სთ-დან 507.920 მლნ კვტ.სთ-მდე) არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელენერგიის მოცულობა კი 10,6%-ით (461.217 მლნ კვტ.სთ-დან 510.292 მლნ კვტ.სთ-მდე). ქართლის ქარის სადგურმა შარშანდელი იანვრის გამომუშავება წელს 29,5%-ით გაზარდა (5,1 მლნ კვტ.სთ-დან 6,607 მლნ კვტ.სთ-მდე).
მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 16,2%-ით – 1 182.001 მლნ კვტ.სთ-დან 1 373.448 მლნ კვტ.სთ-მდე.
სხვაობა გამომუშავებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონერგიის მოცულობებს შორის შეივსო იმპორტირებული ელექტრონერგიით, რომლის მოცულობაც წინა წლის იანვართან შედარებით 1,9%-ით არის შემცირებული – 414.095 მლნ კვტ.სთ-დან 406.361 მლნ კვტ.სთ-მდე.
საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტრონერგიის მოცულობაში ცალკე აღებული ოკუპირებული აფხაზეთის წილი შეადგენს 26,1% (358,811 მლნ კვტ.სთ). შარშან იანვარში ეს მაჩვენებელი 26,8%-ს (317.023 მლნ კვტ.სთ) შეადგენდა.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ ცალკე აღებულ ოკუპირებულ აფხაზეთში იანვარში 13,2%, დანარჩენ საქართველოში კი 17,3% შეადგინა.
ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მოხმარებულ ელექტრონერგიის მოცულობაში რუსეთიდან იმპორტირებულის წილი შეადგენს 68,2% -ს (244.539 მლნ კვტ.სთ), რაც რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის იანვრისთვის შეთანხმებულ მოცულობაზე (250 მლნ კვტ.სთ) ოდნავ ნაკლებია. ენგურის წყალსაცავში მოდინების დღემდე არსებული დაბალი დონის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მთელი წლისთვის შეთანხმებული მოცულობა (660 მლნ კვტ.სთ) მარტის მეორე ნახევარში უკვე ათვისებული იქნება.
დე ფაქტო აფხაზეთის პრესის მონაცემებით, მოხმარებულ ელექტრონერგიაში რუსეთიდან იმპორტირებულის მოცულობა 2016 წელს 108 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენდა, 2017 წელს – 195,8 მლნ კვტ.სთ-ს, 2019 წელს – 70 მლნ კვტ.სთ-ს, 2020 წელს – 293 მლნ კვტ.სთ-ს (ესკოს მონაცემებით – 285 მლნ კვტ.სთ-ს), 2021 წელს – მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტს (ესკოს მონაცემებით – 993 მლნ კვტ.სთ-ს).
მოხმარების ზრდა, როგორც აღნიშნავენ, კრიპტოვალუტის მაინინგით არის განპირობებული. „ჩერნომორენერგოს” ოპერატიული და ტექნიკური მართვის დირექტორ რუსლან კვარჩიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ფარგლებს გარეთ 40000 მაინინგის აპარატი გავიდა, კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაზე იხარჯება 80 მეგავატი ელექტროენერგია ანუ მთლიანი მოხმარების დაახლოებით მეოთხედი.
წყარო: ipress.ge