კომპანია ფრონტერა მწარეხევის კომპლექსთან ახალ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

კომპანია ფრონტერა მწარეხევის კომპლექსთან ახალ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მწარეხევის საბადოზე, გაზის პოტენციალის გაზრდის მიზნით, ნავთობკომპანია „frontera eastern Georgia“ აგვისტოში ახალ ბურღვით კამპანიას დაიწყებს.

როგორც კომპანია „frontera eastern Georgia“–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა ბურჯანაძემ განუცხდა, საპროექტო სიღრმეს ჭაბურღილი ბურღვის დაწყებიდან დაახლოებით თხუთმეტ დღეში მიაღწევს. მისივე თქმით, მიმდინარე გაზის მოპოვებისა და ახალი ბურღვითი სამუშაოების პარალელურად, მწარეხევის გაზის კომპლექსის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„ჭაბურღილი იბურღება მწარეხევის კომპლექსთან დაკავშირებული გაზის პოტენციალის შესწავლისა და გაზრდის მიზნით. ასევე, აპრილის თვეში დაწყებული გაზის მოპოვების სამუშაოები გრძელდება. „ფრონტერას“ მიერ მოწყობილი გაზის შემკრები მოწყობილობებისა და 14 კილომეტრი სიგრძის გაზსადენის საშუალებით, გაზი მიეწოდება მაგისტრალურ გაზსადენთა ქსელს. ამჟამად მიმდინარე გაზის მოპოვებისა და ახალი ბურღვითი სამუშაოების პარალელურად, მწარეხევის გაზის კომპლექსის ფარგლებში გრძელდება ფართომასშტაბიანი გეოლოგიური კვლევები. დღეისათვის ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მწარეხევის გაზის კომპლექსის ტრადიციული და არატრადიციული რესურსების პოტენციალი“,– განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაკა ბურჯანაძემ.

მწარეხევის გზის კომპლექსის ფართობზე გეოლოგიური სამუშაოები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, „frontera eastern Georgia“-მ სოფელ იორმუღანლოში, 42 მილიარდი კუბური მეტრის საბადოზე, გაზის მოპოვება – დისტრიბუცია 2 კვირის წინ დაიწყო. კომპანიის პრეზიდენტის სტივ ნიკადროსის თქმით, პროექტში 400 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

სოფელ იორმუღანლოში მწარეხევის საბადოზე „frontera eastern Georgia“პროექტს 2011 წლიდან ახორციელებს, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში გაშვება 19 ივნისს დაიწყო. კომპანია „frontera eastern Georgia“ საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს.

Leave a Reply