გაზი, ინვესტიციები, ვაჭრობა – რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები

ოფიციალური მონაცემებით 2021 წელს რუსეთ-გერმანიის სავაჭრო ბრუნვამ $57 მილიარდს გადააჭარბა და ჩინეთის შემდეგ, გერმანია რუსეთის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა.

როგორც გუშინ რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, ამ ეტაპზე გერმანული კაპიტალით რუსეთში 4 ათასი კომპანია საქმიანობს და გერმანულმა ინვესტიციებმა რუსეთში $21 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ინვესტიციები გერმანიაში $10 მილიარდს აჭარბებს.

რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში დიდი ადგილი უკავია ენერგეტიკას. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გერმანიის მიერ მოხმარებული გაზისა და ნავთობის 1/3-ს სწორედ რუსეთი უზრუნველყოფს. გასულ წელს გერმანიამ რუსეთისგან 50 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღო, რაც მთლიანი მოხმარების 35.7%-ს შეადგენს.

პუტინის განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანია „გაზპრომისგან”, გრძელვადიანი ხელშეკრულებით, გაზს 5-6 ჯერ იაფად იღებს, ვიდრე ევროპისთვის მიწოდების საბაზრო ფასია.

შედარებით დაბალი ფასის გამო გერმანია რუსული გაზის გადაყიდვით დამატებით შემოსავალსაც იღებს. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, საკუთარი საცავებიდან 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაყიდვით გერმანია დაახლოებით $2 მილიარდის შემოსავალს იღებს და გასულ წელს გერმანიამ 5.6 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან ერთად ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც იმსჯელეს.

წყარო:  “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply