ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მენავთობეები გაიფიცნენ

15 თებერვალს ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სადაც იანვარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გაიფიცნენ ნავთობკომპანია „ოზენმუნაიგაზის“ მუშები.

აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავტოსადგურზე, საიდანაც ისინი ჩვეულებრივ მიჰყავთ ხოლმე ნავთობის საბადოებზე. ორგანიზაციის თანამშრომლებმა დამქირავებლისგან მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, გაფიცულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეწყდეს წამება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იანვრის მიტინგების დროს დაპატიმრებულები.

„დამწუხრებული ვართ, რომ ჟანაოზენში დაწყებული მშვიდობიანი მიტინგი ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ტრაგედიად იქცა. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. დაკავებულები ტერორისტები არ არიან, მოვითხოვთ, შეწყდეს წამება და გაათავისუფლონ ისინი! ხელისუფლებისგან მოვითხოვდით პოლიტიკური რეფორმების გატარებას. მაგრამ ისევ ძველი და გაქვავებული შემოგვაპარეს. საჭიროა ახალი ცვლილებები“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, 2011 წელს მენავთობეთა გაფიცვის ლიდერმა ორაზმაი ტურსინბაიმ.

მანგისტაუს ოლქში თებერვლის დამდეგიდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები შრომითი მოწყობის, ხელფასების მომატებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მოთხოვნების ნაწილობრივი ან სრული შესრულების შემდეგ ზოგიერთი კომპანიის თანამშრომლებმა შეწყვიტეს საპროტესტო აქციები.

იანვრის დასაწყისში ჟანაოზენში საპროტესტო გამოსვლები დაიყო გათხევადებული გაზის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის სხვა ქალაქებში და ისინი ძალადობაში გადაიზარდა. ყაზახეთის ხელისუფლების თქმით, ისინი მოაწყვეს არა აქციების მონაწილეებმა, არამედ ტერორისტებმა, რომლებსაც გარედან ამზადებდნენ. ამის დამადასტურებელი სარწმუნო საბუთები ხელისუფლებას არ წარმოუდგენია.

ოფიციალური მონაცემებით, იანვრის მოვლენების შედეგად 227 ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველთა მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply