მთავრობა ენერგეტიკის დარგში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს იწყებს. პირველი შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) აღმოჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, კონფიდენციურობის პირობის დაცვით აცნობა.
წყარო ირწმუნება, რომ გუშინ, 15 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს უჩა უჩანეიშვილს გადადგომის შესახებ მთავრობიდან აცნობეს, თუმცა ინფორმაციას კომპანიაში არ ადასტურებენ.
,,გენერალური დირექტორი დღეს ოფიციალურად სამსახურში იმყოფება. არ ვფლობთ არანაირ ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ არც ახლა და სავარაუდოდ, არც უახლოეს მომავალში შეიცვლება რამე ამ მიმართულებით, ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“, – განუცხადეს ,,კომერსანტს“ სსე-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს.
სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
წყარო: “კომერსანტი”