ბათუმში გარეგანათების სისტემის სრული განახლება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარეგანათების სისტემის ენერგოეფექტური, LED სანათებით განახლების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. პროექტი გულისხმობს 14 555 ერთეული სანათის შეცვლას და შემდგომ მოვლა-ექსპლუატაციას 2027 წლამდე, რისთვისაც გათვალისწინებულია 28 963 288 ლარი. საგარანტიო პერიოდი 10 წლის ვადით განისაზღვრება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. სატენდერო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გარეგანათების სისტემის სრული განახლება ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.