„შაჰ დენიზი 2“-ის პროექტის მიმდინარეობა და საქართველო

საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან 2022 წელს 14%-ით მეტ გაზს მიიღებს

2022 წლის ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსი უცვლელად 2.7 მლრდ კუბურ მეტრზე ნარჩუნდება, თუმცა მასში იაფი შაჰ-დენიზის წილი 14%-ით 1.156 მლრდ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი. რუსეთიდან საქართველო ისევ 200 მლნ კუბური მეტრის შეძენას გეგმავს. უცვლელია და ისევ მიზერულია ადგილობრივი მოპოვებაც – 13 მლნ კუბური მეტრი. შემცირებით კი 1.504 მლრდ-დან 1.358 მლრდ კუბურ მეტრამდე სოკარისგან მოსაწოდებელი გაზი შემცირდა. სოკარისგან საქართველო ძირითადად კომერციულ გაზს ყიდულობს.

გაზის მოხმარების პროგნოზში შეცვლილია სტრუქტურა. კერძოდ, მოსახლეობის წილი 105 მლნ კუბური მეტრით 1.235 მლრდ კუბურ მეტრამდეა გაზრდილი, რაც 9.3%-იან ზრდას ნიშნავს. ბევრად უფრო დაბალი ტემპით 2.3%-ით 925 მლნ კუბურ მეტრამდე იზრდება სავარაუდო კომერციული მოხმარება. რაც შეეხება თბოსადგურებს, მათი წილი მკვეთრად – 20%-ით – 665 მლნ-დან 535 მლნ კუბურ მეტრამდეა შემცირებული. 2021 წელს არც თუნდაც საშუალო ზომის ახალი ჰესი, არც ქარის და არც მზის ელექტროსადგური შესულა ექსპლუატაციაში, ელექტროენერგიის მუდმივად მზარდი მოხმარების ფონზე, როგორც ჩანს, მთავრობა იმპორტის გაზრდას გეგმავს, ან უბრალოდ უკეთესი კლიმატური პირობების იმედი აქვს.

რა ღირს გაზი?

სამომხმარებლო ტარიფი საჯაროა. თბილისში მოსახლეობისთვის ის კუბურ მეტრზე 54 თეთრს შეადგენს, რეგიონებში 57 თეთრს, კომერციული ტარიფი თბილისში 1.1 ლარია, რეგიონებში 1.15 ლარი. მოსახლეობასა და კომერციულ სექტორს შორის ტარიფების ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა მძიმე სოციალური ფონით აიხსნება, მაგრამ გაძვირებული გაზის საფასურს, გაძვირებული პროდუქტის შეძენის დროს, ირიბად მაინც მოსახლეობა იხდის.

ტარიფებისგან განსხვავებით, შესყიდვის ფასი გასაიდუმლოებულია, თუმცა იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით გასაშუალოებული ფასის დადგენა შესაძლებელია. 2015 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 2.430 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა და მასში ქვეყანამ $416 მლნ გადაიხადა. 1000 კუბური მეტრის საშუალო ფასი $171 გამოდის. 2019 წელს 2.600 მლრდ კუბურ მეტრში $328 მლნ გადავიხადეთ, ამ შემთხვევაში 1000 კუბური მეტრის ფასი $126-მდე მცირდება. 2020 წელს 2.573 მლრდ კუბური მეტრი ქვეყანას $315 მლნ დაუჯდა, 1000 კუბურ მეტრზე $122, ხოლო 2021 წელს 2.730 მლრდ კუბურ მეტრში $355 მლნ-ის გადახდა მოუწია 1000 კუბური მეტრის ამ შემთხვევაში $131 გამოდის.

2015 წელს შაჰ-დენიზის წილი 711 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა, 2019 წელს – 828 მლნ-ს, 2020 წელს – 874 მლნ-ს, 2021 წელს – 1.015 მლრდ-ს. შაჰ-დენიზის იაფ გაზთან ერთად, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 55-64 დოლარია, საერთო ფასზე გავლენას სოკარის სოციალური, სოკარის კომერციული და რუსული გაზის ფასიც ახდენს.

2007 წლამდე საქართველო 100%-ით რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, 2006 წლის იანვარში მაგისტრალური მილსადენი „შემთხვევით“ დაზიანდა და საქართველო მთელი კვირა უგაზოდ დარჩა. ენერგოკრიზისი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ფორსმაჟორულ სიტუაციაში თბილისს გაზის შესყიდვა ირანიდან რომ ვერ მოეხერხებინა.

ირანზე დაწესებული სანქციებისა და მაღალი ფასის გამო, ქვეყანა მუდმივი პარტნიორი ვერ გახდებოდა, ასეთი ფუნქცია თავის თავზე მეზობელმა აზერბაიჯანმა აიღო.

2007 წელს რუსული გაზის წილი 67%-მდე შემცირდა. დეფიციტი აზერბაიჯანმა შეავსო. ამ დროიდან აზერბაიჯანული გაზის წილის ზრდა იწყება. 2017 წლამდე საქართველო რუსეთისგან სომხეთში ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის 10%-ს იტოვებდა, რაც დაახლოებით 200 მლნ კუბურ მეტრს უდრიდა. 2017 წლიდან ნატურით გადახდა მონეტიზაციამ ჩაანაცვლა, თუმცა დოკუმენტი არ გასაჯაროებულა, პოლიტიკური ოპოზიციის მტკიცებით ცვლილებები ქართული მხარისთვის წამგებიანი აღმოჩნდა.

რუსეთზე დამოკიდებულების დროს, მოსკოვი მხოლოდ დივერსიებს არ სჯერდებოდა. თუ 2005 წელს 1000 კუბურ მეტრ რაზს $60-ად ვყიდულობდით, 2006 წელს ფასი $110 გახდა, ხოლო 2007 წელს – $235. ორ წელიწადში ფასი 292%-ით გაიზარდა. ახლა როცა რუსული გაზის წილი 8%-ზე ნაკლებია, მილსადენის დაზიანება ან ფასის არაადეკვატურად გაზრდა აზრს კარგავს.

საიდან იაფი გაზი?

საქართველოსთვის იაფი გაზის მთავარი გარანტი შაჰ-დენიზის მილსადენია, რომელიც ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა. საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ მინიმალურ ფასად გატარებული გაზის 5%-ს ე.წ. ოფციურ გაზს იტოვებს, ხელშეკრულება 2068 წლამდეა ძალაში, ასევე დაბალ ფასად 500 მლნ კუბური მეტრი ე.წ. დამატებითი გაზის შეძენაცაა შესაძლებელი, ეს შეთანხმება 2026 წლამდე მოქმედებს.

გაზსადენის საერთო სიგრძე 970 კილომეტრია და საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დამუშავების დასრულების შემდეგ ტრანზიტული გაზის მოცულობა 9-დან 16 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. მესამე ფაზის დასრულების შემდეგ, რაც 2030 წლისთვისაა ნავარაუდევი, საქართველოზე 28 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაივლის, საიდანაც ქვეყანაში 1.4 მლრდ კუბური მეტრი დარჩება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply