რეალურად, აფხაზეთს ახლა დენი არ ჰყოფნის და შეზღუდვებია – ასე ეხმაურება „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია „ჩერნომორენერგოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც დე ფაქტო უწყება „რესპუბლიკაში“ ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზებს განმარტავს. „ჩერნომორენერგოში“ განმარტავენ, რომ დღეს ენგური დაცლილია და აფხაზეთს არასაკმარისი დენი მიეწოდება.
ლევან მებონია აცხადებს, რომ წყალსაცავი მართლაც ჩამონადენზე მუშაობს, თუმცა ეს ყოველი წლის ამ დროს ასეა.
„გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, ელექტროენერგიის გადანაწილება ხდებოდა 60/40-ზე პრინციპით. ახლა წყალსაცავში წყალი ფაქტობრივად, არ არის. ჩამონადენზე მუშაობს. შეზღუდული სიმძლავრით, 80 მეგავატით, რაც აფხაზეთის მოხმარების დაახლოებით 20%-ია.
ჩემი ინფორმაციით, რუსეთი დენს იმ პროგრამებიდან აწვდის, რითიც ეხმარება. ანუ, თუ უნდა გადაერიცხა ინფრასტურუქტურული პროექტისთვის კონკრეტული თანხა, იმას აღარ გადარიცხავს და გადაურიცხავს კომპანიას, რომელიც დენს აწვდის აფხაზეთს“, – განაცხადა მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ინტენსიური მატებაა, რაც გამოწვეულია როგორც ზამთრის სეზონის ბუნებრივი დატვირთვის ზრდით, ისე უკანონო მოხმარებით, რაშიც ლომის წილი კრიპტოვალუტის მაინინგს უკავია. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ამასთან, „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინინგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება.
წყარო: bpn.ge