ყაზახეთში, მაინერებს, არსებული გადასახადები რამდენიმეჯერადად გაეზრდებათ

ინფორმაციას, კრიპპტოვალუტების მწარმოებელთათვის გადასახადების სიდიდის რამდენიმეჯერადი მატების შესახებ ყაზახური პორტალები აქვეყნებენ.

„არ შეიძლება წავუყრუოთ ციფრული მაინინგის როლს. კრიპტოვალუტების წარმოების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი მინიმალურია. მასობრივი სამუშაო ადგილები არ იქმნება, პროდუქცია, როგორც ასეთი, საერთოდ არ არის. ამავდროულად, ეს სფერო მოიხმარს ელექტროენერგიას, როგორც რამდენიმე ოლქი და, თანაც, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაინერი აშკარად სარგებლობს ტარიფებით, რომლებიც მოსახლეობისთვის დაწესებულიზე უფრო დაბალია. არ იხდიან გადასახადებს ბაჟს და გადასახადს შემოტანილ აღჭურვილობებზე. და რაც მთავარია – ეს საქმოსნები, ქვეყნის რესურსებს მაქსიმალურად იყენებენ, მის მონეტიზაციას კი სხვა იურისდიქციებში ახდენენ”, – განაცხადა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა ყველა მაინინგ მეურნეობის იდენტიფიცირება, მათი საბაჟო და საგადასახადო დოკუმენტაციის შემოწმება და იმ ხელშეკრულებების შესწავლა, რომელთა საფუძველზედაც იქნა მიღებული ტექნიკური პირობები და მოხდა ელექტროქსელებში მათი მიერთება.

ტოკაევმა აღნიშნა, რომ „ვისაც სურს ამ სფეროში მუშაობა, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია და შესაბამისტარიფიანი ელექტროენერგია, მან უნდა განაცხადოს შემოსავლის შესახებ, გადაიხადოს გადასახადები და დაიწყოს მწვანე ენერგიის პროექტების განვითარება”.

„ამჟამინდელი მაჩვენებელი – 1 ტენგე ერთ კილოვატ სიმძლავრეზე – უმნიშვნელოა. მთავრობას ვავალებ, რაც შეიძლება მალე შეიმუშაოს ამ გადასახადის მრავალჯერადი ზრდა. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ციფრული მაინინგის რეგულირებისა და განვითარების გადაწყვეტილებების სრული პაკეტი”, – განაცხადა ტოკაევმა.

პრეზიდენტის დავალების თანახმად, მთავრობამ 1 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს კრიპტოვალუტების წარმოებას და მაინერებისთვის გადასახადების ოდენობას რამდენიმეჯერადად გაზრდის.

ყაზახეთში კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენება სპეციალური სამართლებრივი სტატუსის მქონე საერთაშორისო ფინანსურ ცენტრ „ასტანას” ტერიტორიაზეა დაშვებული.

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში ყაზახეთი ჰეშრეიტის მოცულობით აშშ-ის მომდევნო, მე-2 ადგილზე გავიდა. გაზაფხულზე ჩინეთში კრიპტოვალუტის მოპოვების აკრძალცვის შემდეგ, ყაზახეთის წილი მაისის 8,8%-დან აგვისტოში 18,1%-მდე გაიზარდა. ენერგეტიკის სამინისტროს მონცემებით, ყაზახეთში გასულ წელს ელექტროენერგიის მოხმარება 7%-ით ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ჩინეთიდან მაინერების მოზღვავება იყო.

2022 წლის იანვარში უზბეკეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის რამდენიმე რეგიონი ენერგოსისტემის ავარიის გამო გაითიშა. ამის შემდეგ ენერგოქსელ KEGOC-ის ოპერატორმა 196 მაინინგური ფერმა თებერვლამდე გათიშა.

ყაზახეთში, ციფრულ მაინინგზე დაწესებული გადასახადი – 1კვტ.სთ-ზე 1 ტენგე (1 ტენგე=0,0069 ლარს) – 2022 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

ცნობისთვის, საქართველოს წილად 2021 წლის 21 აგვისტოს მონაცემებით მოდიოდა კრიპტოვალუტის გლობალური მაინინგის 0,18% . 2019 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 0,32%-ის ტოლი იყო, 2020 წლის აგვისტოში 0,18%, ხოლო 2021 წლის მაისში კი 0,12%.

წყარო: ipress.ge

 

Leave a Reply