ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

აფხაზებს რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგია არ ჰყოფნით – „ენგურჰესი დაცლილია“

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ინტენსიური მატებაა, რაც გამოწვეულია როგორც ზამთრის სეზონის ბუნებრივი დატვირთვის ზრდით, ისე უკანონო მოხმარებით, რაშიც ლომის წილი კრიპტოვალუტის მაინინგს უკავია. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინიგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება.

„ეს სიმძლავრე ზამთრის სეზონის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გადასატანად სავსებით საკმარისი იქნებოდა,“ – ნათქვამია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში.

დე ფაქტო სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა ელექტროენერგიის ნაკადის შესყიდვა რუსეთის ფედერაციიდან, რითიც დე ფაქტო რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილი მარაგდება.

„დაცლილ ენგურჰესს კი ელექტროენერგია აღმოსავლეთ ნაწილისთვის უნდა მიეწოდებინა. თუმცა მთელი აფხაზეთის მასშტაბით და მის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი მოხმარების გამო, ამ დროისთვის ჯვრის წყალსაცავში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის საჭირო წყლის მოცულობა თითქმის მთლიანად ამოწურულია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩერნომორენერგო“ მიიჩნევს, რომ წყალსაცავის შევსების ძირითადი გზა გაზაფხულის წყალდიდობაა, რაც აპრილ-მაისამდე არ მოხდება.

„ჯვრის წყალსაცავში წყლის დონეზე, წვიმისა და თოვლის სახით, ძლიერი ნალექიც კი პრაქტიკულად არ მოქმედებს. 2021 წელს დაწესებულმა საზაფხულო შეზღუდვებმა, დაახლოებით, 100 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია დაგვაზოგინა, მაგრამ პრობლემა ზოგადად არ მოხსნილა. შექმნილ ვითარებაში, „ენგურჰესების“ კომპლექსის სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად, იძულებული ვართ, ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები შემოვიღოთ. ამ შეზღუდვების კორექტირება წყალსაცავში წყლის შედინებაზე იქნება დამოკიდებული,“ – წერს „ჩერნომორენერგო.“

შეზღუდვები, ასევე, შეეხება აფხაზეთის დასავლეთ ნაწილს, სადაც ენერგომომარაგება რუსული ნაკადით ხდება, რადგან გაზრდილი მოხმარება რუსული მხარის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების დღიურ ლიმიტს აჭარბებს.

„რუსეთის ფედერაციის ნაკადით აფხაზეთის აღმოსავლეთ მხარის ენერგომომარაგება შეუძლებელია, რადგან ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი ლიმიტი გადაჭარბებულია, ხოლო ენერგოსისტემის არსებული გამტარიანობა ამის საშუალებას არ იძლევა. რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებები „ჩერნომორენერგოს“ კომპეტენციაში არ შედის,“ – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply