ბოლო დღეებში, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ირყევა. ორი დღის წინ, `ბრენტის~ ღირებულებამ 93 დოლარი შეადგინა, გუშინ კი 90 დოლარი ღირდა. იქამდე 87-დოლარიანი ნიშნულიც დაფიქსირდა, იყო 91-დოლარიანი მაჩვენებელიც. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რის გამო ხდება ყოველდღიურად ფასთა სხვაობა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე მაშინ, როდესაც ლარი საგრძნობლად მყარდება.
მსოფლიოში ვითარება ძალიან დაძაბულია. ფასები `პლატცის~ მიხედვით, ასე გამოიყურება: 1 ტონა ბენზინი 895 დოლარი ღირს და წლის დასაწყისიდან გაზრდილია 144 დოლარით, ანუ 19%-ით. რაც შეეხება დიზელს, 1 ტონა ნავთობპროდუქტი 826 დოლარი ღირს და 2022 წლის დასაწყისიდან ღირებულებამ მოიმატა 150 დოლარით, 22%. ამრიგად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი საგრძნობლად გაძვირებულია, რაც რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. სწორედ ამ მიზეზებზე საუბრობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი:
„ნავთობის ფასის ზრდას რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი განაპირობებს. დღეს, მიმდინარე ეტაპზე, ფასები არის ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. უმთავრესი ფაქტორი, რაც ფასის ზრდას განაპირობებს, და განსაკუთრებით მიმდინარე წლის პირველი რიცხვებიდან, არის ის, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა მზარდია, თანაც ბოლომდე ჯერ არც კი არის გაზრდილი, რადგან საჰაერო სივრცის და ტურიზმის ბოლომდე აღდგენა არ მომხდარა.
ამის გამო, პანდემიამდელ პერიოდს 3 მილიონით ჩამორჩება, ნავთობზე მოთხოვნა. გარდა ამისა, პანდემიის დაწყებისთანავე `ოპეკი პლუსმა~ ნავთობის წარმოება მკვეთრად შეამცირა. მართალია, გასული წლის აგვისტოდან 400 ათასი ბარელით ხდება წარმოების მომატება, მთლიანობაში, დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ ეს იმდენად მცირეა, რომ გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
პარალელურად გეოპოლიტიკური დაძაბული ფონი, პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასზე. რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ვითარება, აჩენს რისკს, რომ რუსეთიდან ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება წარმოიშობა. ნავთობზე ფასის ცოტათი, 2-3 დოლარით გაზრდისას შეიძლება სპეკულაციური ფაქტორიც იყო ბირჟაზე”, – განაცხადა „რეზონანსთან” ვანო მთვრალაშვილმა და დაასახელა გარემოება, რამაც შეიძლება გლობალურად კლება გამოიწვიოს და ეს შესაძლოა, ირანის გარშემო არსებული პოლიტიკის შერბილება იყოს.
„შეიძლება ირანის გარშემო ვითარება შერბილდეს და თუ ეს მოხდა, მაშინ ნავთობზე ფასები შემცირდება. თუ ირანს ნავთობის ექსპორტზე ემბარგო მოეხსნა, ასეთ შემთხვევაში ის გაზრდის ნავთობის მიწოდებას, რომელიც დღეს შეზღუდული აქვს. ეს გარემოება დადებითად იმოქმედებს ფასზე და პირდაპირი სიგნალი იქნება იმისკენ, რომ ფასები დაიწყებს შემცირებას”, – აღნიშნა მთვარალიშვილმა.
რაც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ასახვას საქართველოზე, როგორ ირკვევა, ქვეყანაში საწვავის გაძვირება გადაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ ლარი საგრძნობლად მყარდება. ოფიციალურად, 1 ამერიკული დოლარი 2.92 ლარი ღირს. უფრო დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება `ბლუმბერგის~ სავაჭრო პლატფორმაზე, სადაც 1 დოლარის ღირებულებამ 2.9160 ლარი შედგინა. თუმცა, მსოფლიოში ფასი იმდენად გაზრილია, გამყარებული ლარი ამ ყველაფერს ვერ დააკომპენსირებს. კურსი რა დონემდე გააგრძელდებს გამყარებას, იმის მიხედვით მოხდება ფასის მატებაც.
„პლატცის მიხედვით. ფასები იმდენად არის გაზრდილი, რომ ლარის გამყარება ამ ყველაფერს ვერ აბალანსებს. თუ ლარი ძველ ნიშნულებზე (3.15) იქნებოდა, მაშინ შეაძლებელია ფასი გაზრილიყო 40 თეთრით. დღევანდელ პირობებში კი, როდესაც ლარი ყოველდღიურად მყარდება, გაძვირება 10-20 თეთრის ფარგლებში იქნება, თუ გამყარება კიდევ გაგრძელდება, ეს ზღვარი კიდევ ქვევით ჩამოვა. ამ წუთას არსებული კურსით (2.91) კი, შეიძლება 10-20 თეთრით გაძვირდეს”, – დასძინა „რეზონანსთან” მთვრალაშვილმა.
სპეციალისტებს უფრო მძიმე პროგნოზი აქვთ. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტს ნიკა შენგელიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნავთობის გაიფების საკითხი არ დგას და სავარუდოდ, ღირებულება 100 დოლარსაც კი მიაღწევს.
„ის, რომ 2022 წელს ნავთობზე ფასები გაიზრდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბერში გვქონდა განცხადება გაკეთებული. მთავრობას შევთავაზეთ კიდეც, რომ აქციზის მოხსნაზე ეფიქრათ, რომ არ ყოფილიყო ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები დგება ფიუჩერსებით და დღეის მდგომარეობით ნავთობის მარტის ფიუჩერსებზე ვაჭრობა მიმდინარეობს 93-94 დოლარის ფარგლებში. ეს არის `ბრენტის~ ტიპის ნავთობის ღირებულება. სამწუხაროდ, ჯერ გაიფების საკითხი არ დგას და სავარუდოდ, ღირებულება 100 დოლარსაც მიაღწევს, რამდენიმე დღეში ან კვირაში”, – განუცხადა „რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და საქართელოში ორ შესაძლო მოსალოდნელ სიტუაციაზე გააკეთა აქცენტი.
„მენავთობეები, იმპორტიორები ყოველთვის ამბობენ, რომ საწვავზე ფასი მაღალი იმიტომ გვაქვს, რომ ლარის კურსი არის გაუფასურებული. სავარაუდოდ, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც ევალება ფასების სტაბილიზაცია, გადაწყვიტეს, რომ ლარის კურსი გამყარება დაეწყოთ. თუ ლარის კურსს 2.80-ს ფარგლებში გამყარებენ და ალბათ და იმედია, ასეც მოხდება, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საწვავზე ფასი არ მოიმატებს ან მაქსიმუმ 10-15 თეთრით. ხოლო, თუ ამ ნიშნულზე ვერ გავიდნენ, მაშინ სადღაც 20-30 თეთრის ფარგლებში კვლავ მოსალოდნელია გაძვირება, როდესაც ერთი ბარელის ფასი მიაღწევს 100 დოლარს და ამას დიდი ხანი არ დააგვიანდება”, – უთხრა „რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.
წყარო: “რეზონანსი”