ვენაში 8 თებერვალს უნდა განახლდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო იმ ფონზე, როდესაც ირანის განცხადებით, ამ შეთანხმებასთან დაბრუნებისთვის „წითელ ხაზს“ მისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება წარმოადგენს.
აშშ ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანთან შეთანხმების მიღწევას, რაც ვაშინგტონის აზრით, უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან ირანი ამასობაში განაგრძობს საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებას.
„გარიგება, რომელიც ყველა მხარის პრობლემის მოგვარებისკენ არის მიმართული, ყურადღების ცენტრშია, მაგრამ თუ მომდევნო კვირებში არ მოხდება მისი შეთანხმება, მაშინ თეირანის მიერ ბირთვული პოტენციალის უწყვეტი განვითარება შეუძლებელს გახდის „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) აღდგენას“, – განაცხადა 7 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმება.
2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების გადარჩენის მიზნით აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკება ვენაში საბოლოო ფაზაში შედის.
მანამდე, 4 თებერვალს, აშშ-მა ირანისთვის დაწესებული სანქციების შეზღუდვის მექანიზმი აღადგინა, რათა ამოქმედდეს ბირთვულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტები.
ვაშინგტონის ამ ნაბიჯს არასაკმარისი უწოდა თეირანმა. „ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯი არანაირად არ აისახება ირანში შექმნილ სიტუაციაზე… პასუხისმგებლობიანი (აშშ-ის) ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს გარიგებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საედ ხატიბზადეჰმა.
სანქციების შეზღუდვის მექანიზმი გააუქმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა მან აშშ-ს ბირთვული შეთანხმება დაატოვებინა და კვლავ დაუწესა თეირანს გამანადგურებელი სანქციები.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილი ანგარიში, რომელშიც ახსნილია, რომ სანქციების გარშემო გამონაკლისების დაშვება ხელს შეუწყობს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებას, მიაღწიონ მონაწილეებმა ბირთვული შეთანხმების – „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“(JCPOA) აღდგენას. სანქციების შეზღუდვის მექანიზმის აღდგენა გაამარტივებს დისკუსიას, რომელიც ხელს შეუწყობს „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ კვლავ განხორციელების გარშემო შეთანხმებას და საფუძველს შეუქმნის ირანს, დაუბრუნდეს ამ გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, – წერია ანგარიშში, რომლის ასლიც Reuters-ის სააგენტომ მოიპოვა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”