რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

საწვავის გაძვირებას ვერც ლარის გამყარება შეაჩერებს

ბოლო პერიოდში ლარი ინტენსიურდ მყარდება, თუმცა ამ პროცესის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე ნავთობი ძვირდება. ცოტა ხნის წინ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ საწვავის გაძვირებისთვის ემზადებოდნენ.   კურსი იძლევა თუ არა ნავთობპროდუქტებზე ფასების შენარჩუნების საშუალებას – ამ საკითხის გარკვევას ,,კომერსანტი“ ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ,,სენტას“ დამფუძნებელთან ზაალ იაკობიძესთა შეეცადა.

როგორც მან განაცხადა, კურსი ბაზარს მკვეთრი გაძვირებისგან დაიცავს, თუმცა ტენდენციას ვერ შემოაბრუნებს. იმპორტიორი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში საწვავი დაახლოებით 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ცოტა ხნის წინ იგი  დაახლოებით 20-თეთრიან გაძვირებას ვარაუდობდა, თუმცა ლარის კურსმა პროგნოზი შეცვალა.

,,ერთის მხრივ სწორია, რომ კურსის გამყარება ხელს შეუწყობს ფასზე დადებითად ზემოქმედებას. მეორე მხრივ, გლობალურ ბაზრებზე გაძვირება სწრაფი ტემპით გრძელდება. საეჭვოა, ამ ორმა ფაქტორმა ერთმანეთი დააბალანსოს, ეს არის პრობლემა – კურსი და გლობალური ფასის თანხვედრა  რა პროპორციებშია.  კიდევ კარგი, ლარი გამყარდა და ცოტათი შეამცირებს გაძვირებას, მაგრამ 5-10-თეთრიანი ცვლილება მაინც გარდაუვალია, ლარის კურსის გამყარება გაძვირებას ვერ შეაჩერებს, უბრალოდ, მასშტაბს შეამცირებს“, – ამბობს ზაალ იაკობიძე.

იმპორტიორი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში აქციზის გადასახადის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გამყარებული კურსი გაძვირებული პროდუქტის ფასს ბოლომდე ვერ აბალანსებს.

ამ ეტაპზე   ,,პლატცის“  მიხედვით, 1 ტონა ბენზინის ფასი 900 დოლარია, დიზელისა – 850 დოლარი.

რაც შეეხება ლარის კურსს, ლარი გამყარებას განაგრძობს, სამშაბათს 8 თებერვალს, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9125 შეადგინა. ბოლო 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით, 1-ლი იანვრიდან დღემდე კი 5.7%-ით გამყარდა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply