ინდოეთი ციფრული რუპიის გამოშვების პარალელურად კრიპტო ვალუტების დაბეგვრას გეგმავს. ქვეყანა ვირტუალური ფინანსური ინსტრუმენტებისკენ მიდრეკილ გლობალურ ტრენდს მიჰყვება.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ნირმალა სითარამანის განცხადებით, ნებისმიერი ვირტუალური აქტივის ტრანსფერიდან მიღებული შემოსავალი 30%-ით დაიბეგრება.
ნაბიჯი გამოწვეულია ინდოეთში ვირტუალური მონეტების მზარდი პოპულარობით. ცენტრალური ბანკის გაფრთხილებების შემდეგ, რომელიც ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას და ფასების არასტაბილურობას ეხებოდა, ქვეყანა ასეთი ინვესტიციების რეგულირებას ერთი ნაბიჯით უახლოვდება.
ფინანსთა მინისტრმა ასევე დააანონსა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რომელსაც ბანკი მიმდინარე წლის აპრილიდან გამოუშვებს. ნაბიჯი ციფრული ვალუტის უფრო იაფ და ეფექტურ მენეჯმენტს უზრუნველყოფს. ინდოეთის ცენტრალური ბანკი ეტაპობრივი დანერგვის სტრატეგიაზე მუშაობს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანაში ნაღდ ფულზე დამოკიდებულება შეამციროს.
ინდოეთის ნაბიჯი მოჰყვება ჩინეთის რამდენიმე ქალაქში CBDC-ის სატესტო გაშვებას. პარალელურად, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა და ინგლისის ბანკი ასევე განიხილავენ შესაძლებლობებს მათი ეკონომიკებისთვის.
Chainalysis-ის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის კრიპტო ბაზარი 2021 წლის ივნისამდე 641%-ით გაიზარდა.
ციფრულ ლარს ავითარებს საქართველოს ეროვნული ბანკიც. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ციფრული ლარის პროექტი სატესტო რეჟიმში სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან ჩაეშვება.
წყარო: “ბიზნესფორმულა”