წყლის სიმცირის გამო ენგურჰესი ისევ მინიმალური დატვირთვით მუშაობს. გამომუშავება დღე-ღამეში 120 მეგავატს (2 მლნ 900 ათასი კვტ/სთ) არ აღემატება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გამომუშავებულ ელექტროენერგიას მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს.
„წყალსაცავში წყლის დონე დაბალია. ზღვის დონიდან დაახლოებით 415 მეტრი. სანამ წყლის ჩამონადენი არ მოიმატებს, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე ენგურჰესი გამომუშავებას ვერ გაზრდის. ამჟამად ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია, მთლიანად აფხაზებს მიაქვთ. რაც მათი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 28%-ია. 320 მეგავატი აფხაზებს რუსეთიდან შემოაქვთ. ჯამში, სადღაც 440 მეგავატს მოიხმარენ“,- განმარტავს მებონია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიაზე, რაც ძირითადად აფხაზეთში გაზრდილ მოხმარებასთანაა დაკავშირებული. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 25%-ით გაზარდა, მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა.
წყარო: “ბიზნესფორმულა”