იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9% შეადგინა, ბოლო 12 თვეში კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ხარჯი კომუნალური გადასახადების მიმართულებით გაიზარდა, წყალმომარაგება 58%-ით გაძვირდა, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი 68%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი).
კომუნალური გადასახადები რეალურად 2021 წლის იანვარსი გაიზარდა, თუმცა ბიუჯეტიდან სუბსიდირების გამო საქსტატმა ის გაძვირებად არ მიიჩნია.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი);
წყარო: “კომერსანტი”