„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

ევროპას რუსული გაზის ჩანაცვლება გაუჭირდება

ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყნებმა კატარიდან აზერბაიჯანამდე პირობა დადეს, მიაწოდონ ევროპას გაზის გაზრდილი მოცულობები საგანგებო ვითარებაში. თუმცა, რეგიონი აცნობიერებს, რომ არ შეუძლია შეცვალოს მთავარი მიმწოდებელი – რუსეთი.

უკრაინასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ და პოტენციური კონფლიქტის რისკმა, რაც ევროპაში ენერგეტიკული ნაკადების საფრთხეს ქმნის, ბოლო კვირებში ზიანი მიაყენა კონტინენტის გაზის ბაზარს და ფასების რყევები გამოიწვია. ომს შეუძლია ხელი შეუშალოს იმ უზარმაზარი მოცულობის მიწოდებას, რომელსაც რუსეთი კონტინენტზე აგზავნის. გაზის მოცულობის დაახლოებით მესამედი უკრაინაზე გადის.

მიწოდების შეფერხების რისკის შესამცირებლად, ევროკავშირი საუბრობს მსხვილ მწარმოებლებთან, ეძებს პარტნიორობას და საწვავის პოტენციურ გაცვლასაც კი აზიასთან, სადაც ბაზარი ორჯერ დიდია. თხევადი ბუნებრივი აირის ფასის ბოლოდროინდელმა შემცირებამ ხელი შეუწყო დაძაბულობის შემსუბუქებას, ისევე როგორც ზომიერმა ამინდმა. თუმცა, ევროპა გაზის მესამედზე მეტს რუსეთიდან იღებს და ამ საწვავის სხვა ქვეყნებიდან მიღებამ შესაძლოა კრიზისი სხვა რეგიონებშიც გაავრცელოს.

“ევროპას არ აქვს რუსული გაზის ალტერნატივა. გაზპრომის ჩასანაცვლებლად მოგიწევთ აზიისთვის განკუთვნილი გაზის გადამისამართება. ეს ნიშნავს ენერგიის დეფიციტს მთელს აზიაში და ევროპის ენერგეტიკული კრიზისის მეორე კონტინენტზე გავრცელებას”,- ამბობს BCS Global Markets-ის უფროსი ანალიტიკოსი, რონ სმიტი.

გაზის მოცულობა, რომელიც ევროკავშირს სჭირდება, ვერ ჩანაცვლდება სხვა რეგიონებში მიწოდების შეფერხების გარეშე, განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-ქააბიმ ბლოკის ენერგეტიკის კომისართან, ქადრი სიმსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მან დასძინა, რომ დოჰას მიწოდების კონტრაქტები “ხელშეუვალია” და ქვეყნის პრიორიტეტია, პირველ რიგში, დააკმაყოფილოს არსებული მომხმარებლების საჭიროებები. შესაბამისად, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება მოითხოვს სხვადასხვა მიმწოდებლის კოლექტიურ ძალისხმევას.

ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Bruegel-ის მკვლევრებმა დაწერეს, რომ ნებისმიერი გახანგრძლივებული გათიშვის შემთხვევაში, რომელიც მომდევნო ორი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდება, ევროპას მოუწევს მოთხოვნის შეზღუდვა და ეს განაპირობებს ფასებს მაღალ დონეს, რადგან LNG-ზე კონკურენცია გაძლიერდება.

ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, შეერთებული შტატები იყო ევროპის უმსხვილესი მიმწოდებელი გასულ თვეში და, სხვა ქვეყნებთან ერთად, დაეხმარა რუსული გაზის მიწოდების შემცირებას რამდენიმე პროცენტული პუნქტით. თუმცა, არ არის გარანტირებული, რომ ეს გაგრძელდება. გასული წლის ბოლოდან ევროპა იყო ყველაზე მომგებიანი რეგიონი გაცივებული საწვავის ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ ეს ჩვეულებრივ აზიაა – მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი. თუ ჩინეთის გაზზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება, ტანკერები სწრაფად დატოვებენ ევროპას და აღმოსავლეთისკენ გაემართებიან.

იმავდროულად, გაზპრომის ყოველდღიური გაზის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უფრო მეტ საწვავს აწარმოებდა.

ასევე ევროკავშირის ყურადღების ცენტრშია აზერბაიჯანი, რომელმაც ევროპისთვის გაზის მიწოდება 2020 წლის ბოლოს დაიწყო. მისი მიწოდება ევროპაში, თურქეთსა და საქართველოში შეადგენს გაზპრომის მოცულობის დაახლოებით მეათედს, რომელსაც ყიდის თავის ძირითად საექსპორტო ბაზრებზე.

“რეალობა ისაა, რომ აზერბაიჯანი არ არის რუსული გაზის კონკურენტი მხოლოდ მოცულობის გამო. აზერბაიჯანის მოცულობა არ არის რუსულის ტოლი, ეს აშკარაა”,- ამბობს ელინ სულეიმანოვი, ქვეყნის ელჩი დიდ ბრიტანეთში.

ნაკადების დეფიციტისა და რთული პროგნოზების ფონზე, გერმანიის ქსელის ოპერატორმა საყოველთაო დაბნეულობა გამოიწვია. Gascade-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, რუსული ბუნებრივი აირი კვლავ მიედინება დასავლეთისკენ იამალ-ევროპის ძირითადი გაზსადენით 43-დღიანი გათიშვის შემდეგ. ერთი საათის შემდეგ, ვებ-გვერდზე მონაცემი შეიცვალა ნულოვანი ნაკადების ჩვენებით.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply