საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში, თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად ქვეყნის მეორე ტერმინალი აშენდება. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მშენებლობაზე საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება პროექტის ოპერატორმა, Gastrade SA-მ მიიღო.
ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთი ტერმინალი, Revithoussa LNG უკვე ფუნქციონირებს, რომელიც ათენიდან 45 კილომეტრში მდებარეობს და კომპანია DESFA-ს ეკუთვნის. 2021 წელს Revithoussa LNG-მა 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
ახალი მცურავი ტერმინალი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 5,5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 2023 წლის ბოლოს უნდა ამუშავდეს.
ოპერატორი აღნიშნავს, რომ ტერმინალის სიმძლავრე უკვე ნახევრად დაკონტრაქტებულია. Gastrade-ის ცნობით, მიღებული გაზი შესაძლოა, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის, ასევე, მოლდოვასა და უკრაინის ბაზრებზე განაწილდეს.
ტერმინალის მშენებლობის პროექტს საბერძნეთის მთავრობისგან 167 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს.
Gastrade SA-ს თანამფლობელები არიან: GasLog, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავ გემებს ფლობს, ბულგარული – Bulgartransgaz და ბერძნული კომპანიები, DEPA და DESFA.
წყარო: bpn.ge