ბორელი: თუ რუსეთი გაზის მომარაგებას შეაფერხებს, EU აზერბაიჯანთან და კატართან მოილაპარაკებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეამცირებს ან შეაჩერებს, ევროკავშირი, გაზთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, კატართან და აზერბაიჯანთან.

“მზად ვართ თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს და განვიხილავთ ყველა ვარიანტს. ეს მოიცავს ჩვენი გამძლეობის გაუმჯობესებასაც, რაც მოიცავს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კატარი და აზერბაიჯანი, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდებას შეამცირებს ან შეწყვეტს”, – ამბობს ბორელი რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსული გაზის მომარაგების შეწყვეტის შესაძლებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კატარის ამირას, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის დაჰპირდა, რომ  NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირე ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. კატარი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მომმარაგებელია და Reuters-ის ცნობით, შესაძლოა ევროპაში ამ პროდუქტის ექსპორტიორი გახდეს, თუ რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყება და რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდება შეჩერდება.

წყარო: “ტაბულა”

Leave a Reply