„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) ვებგვერდზე ატვირთული იანვრის თვის ოპერატიული მონაცემების თანახმად, იანვრის 30 დღეში მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა რეკორდულია 2007 წლიდან დღემდე პერიოდისთვის
ესკოს ვებგვერდზე ატვირთული 30 დღის ოპერატიული მონაცემებით, საქართველოს მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 379 მილიონ 82 ათას კვტ.სთ, რაც 2021 წლის იანვარში მომხმარებლისთვის მიწოდებულ მოცულობაზე (1 182, 001 მლნ კვტ.სთ) 17%-ით, ხოლო შარშან, დეკემბერში მიწოდებულ რეკორდულ რაოდენობაზე (1 346,046 მლნ კვტ.სთ) 2,45%-ით მეტია.
იანვრის თვის საშუალო დღიური მიწოდების (45 969 400 მლნ კვტ.სთ) გათვლისწინებით სულ, იანვარში, მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელი იანვრის მოცულობას 20,6%-ით, ხოლო დღემდე არსებულ რეკორდულ მიწოდებას 5,8%-ით გადააჭარბებს.
ესკოს ვებგვერდზე ატვირთული ელექტროენერგიის იმპორტის ოპერატიული მონაცემების თანახმად, მოხმარებაზე გაზრდილი მოთხოვნილება, ძირითადად, შარშან იანვარში უმოქმედო თბოსადგურ „მტკვარი ენერჯის” (მე-9 ბლოკი) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ კი მდინარე რიონზე არსებული ჰიდროსადგურების (ვარციხეჰესი, რიონჰესი, ლაჯანურჰესის, გუმათჰესი), აგრეთვე ჟინვალჰესის, დარიალჰესის, ძევრულაჰესის და სხვათა მიერ შარშანდელთან შედარებით გამომუშავებული მეტი ელექტროენერგიით.
იმპორტში თითქმის 100 მლნ კვტ.სთ-ით შემცირებულია აზერბაიჯანის წილი და დაახლობით ამდენითვეა გაზრდილი რუსეთის და სომხეთის წილი ერთად.
წყარო: ipress.ge