ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპისთვის რუსული გაზი შესაძლოა, აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლოს

ევროკავშირი მზადაა, გაზის შესყიდვაზე ყატართან და აზერბაიჯანთან ითანამშრომლოს, თუ რუსეთი მიწოდების შეწყვეტას ან შემცირებას გადაწყვეტს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოსეპ ბორელი თავის ბლოგში წერს.

„რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს, ამიტომ ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ. ყველაფერს ვაკეთებთ და ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ იმისთვის, რომ ამ დაპირისპირებაში დიპლომატიამ იმუშაოს. თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა და რუსეთი მიწოდების შეწყვეტას ან შემცირებას გადაწყვეტს, ევროკავშირი მზადაა, გაზის მიწოდებაზე ისეთ პარტნიორებთან იმუშაოს, როგორიც არის აშშ, კატარი და აზერბაიჯანი,“ – წერს ბორელი.

მანამდე Financial Times წერდა, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს ყატართან და გაზის სხვა მსხვილ ექსპორტიორებთან აწარმოებს.

სააგენტო Trend დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის ელჩის, ელინ სულეიმანოვის განცხადებას ავრცელებს, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ევროპას გაზი მიაწოდოს.

„თუ გადაუდებელი აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მოცულობა ხელმისაწვდომი იქნება,” – აცხადებს სულეიმანოვი.

მისი თქმით, აზერბაიჯანს მეტი გაზის წარმოება და სამხრეთის დერეფნის გაფართოება შეუძლია. ბაქო, ასევე, მზადაა, ნაკადი თურქმენეთიდან გაატაროს, რადგან ორი ქვეყანა კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს განვითარებას აპირებს.

„ჩვენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, პოტენციურ გაფართოებასა და მოცულობის გაზრდაში მოკლევადიანი კრიზისებით არ ვხელმძღვანელობთ, მოკლევადიანი მანდატებით წარმატებას ვერ მივაღწევთ. ეს არის გრძელვადიანი დაგეგმვა,“ – აცხადებს ელჩი.

სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც სამხრეთკავკასიურ გაფართოებულ მილსადენ შაჰ-დენიზ 2-ს, ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენსა (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) მოიცავს, სრულად 2020 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდა.

TAP-ის გავლით 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე სულ 8,1 მილიარდი სტანდარტული კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. იტალიას TAP-ით 6,8 მილიარდი კუბური მეტრი, საბერძნეთსა და ბულგარეთს კი 1,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply