საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი ძალიან ძვირდება. მსოფლიო ბირჟებზე ერთი ბარელი ნაბვთობის ღირებულებამ თითქმის 91 დოლარს მიაღწია. ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სპეციალისტების მოლოდინი გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს არსებული ვითარებაა. ამის გათვალიწინებით კი, საქართველოზე გავლენა უდავოდ უარყოფითი იქნება და ფასები ქვეყნის შიგნითაც მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარების გზას ადგას.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად ძვირდება. ასეთია ბოლო დროის ტენდენცია, რომელმაც თითქოს შეუქცევადი სახე მიიღო. მსოფლიოში არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთავრალაშვილი და ხაზს უსვამს, რომ უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ნავთობის ძვირდება, დიდი დისბალანსია ნავთობის მოთხოვნა-მიწოდებას შორის.
“შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ვითარება ძალიან გართულდა. 2014 წლის ოქტომბრის შემდგომ, დღეს ნავთობის ფასი არის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. ამის მიზეზი ბევრი რამ არის, კონკრეტული ფაქტორი არ არსებობს, მაგრამ გაძვირების უმთავრესი მიზეზი არის მნიშვნელოვანი დისბალანსი ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. მოთხონა არის ძალიან მაღალი და მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას. ეს ცალკე დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, მათ შორის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ `ოპეკი პლუსს~, პანდემიის გამო, მნიშვნელოვნად ჰქონდა შემცირებული ნავთობის წარმოება და მიუხედავად მსოფლიოს მრავალ ქვეყნის მოწოდებებისა, რომ ნავთობის წარმოება გაეზარდა, ორგანიზაცია ამას არ აკეთებს. მას ნავთობის წამროების ზრდასთან დაკავშირებით თავისი გრაფიკი აქვს შემუშავებული, გასული წლის აგვისტოდან დაწყებული, ყოველთვიურად 400 ათას ბარელით ზრდის, მაგრამ ბოლო თვეებში ამ ვალდებულებასაც ვერ ასრულებს.
ამის გარდა, ახლო აღმოსავლეთში იყო დაძაბული ვითარება, ცალკე კიდევ ყაზახეთშიც. ყველაფერმა დამატებით საფრთხე შექმნა, რომ ნავთობის მიწოდება კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნებში შეზღუდვები და ლოქდაუნები არ არის გამოცხადებული, ეკონომიკა ზრდას და აღდგენას განაგრძობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნავთობზე მოთხოვნა უფრო მეტად მზარდია. ამის გარდა არის კიდევ ბევრი მიმართულება, რაც ხელს უწყობს იმას, რომ პროგნოზი გადაიხაროს იქითკენ, რომ ნავთობზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდი იქნება. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რუსეთ-უკრაინას სამხედრო ესკალაცია დაიწყო, რა თქმა უნდა, ფასების ზრდა შეუქცევადად გაგრძელდება”, – განუცხადა “რეზონანსს” მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბოლო პერიოდში საწვავის ღირებულება მეტ-ნაკლებად სტაბილურია. 2021 წლის მიწურულს, საცალო ქსელში ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა. ჯერჯერობით ცვლილება არ შეინიშნება მით უფრო იმ ფონზე, რომ ქართული ლარი კი სულ უფრო მეტად იუმჯობესებს პოზიციებს, მაგრამ როგორც ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, კურსი არ არის იმ ნიშნულამდე გამყარებული, რომ გაზრდილი საერთაშორისო ფასი დააბალანსოს.
“ჩვენ, სამწუხაროდ, იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. საქართველოში მოხმარებული საწვავის 98% არის იმპორტირებული, 2% ადგილზე წარმოებული პროდუქტია, მაგრამ ესეც საერთაშორისო ფასს მიჰყვება. შეიძლება 5-10-თეთრიანი სხვაობა იყოს, მაგრამ ძირითადად მაინც ასეა.
“პლატცის” მიხედვით, გუშინ 1 ტონა ბენზინის ფასი 847 დოლარი იყო და წლის დასაწყისიდან, მინიმუმ, 80-90 დოლარით არის გაძვირებული. დიზელის ღირებულება კი გაცილებით მეტადაა გაზრდილი. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა ადგილობრივ ბაზარზეც ცუდ მოლოდინს აჩენს.
მაინც, მიმდინარე ეტაპზე, ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია. გასული წლის ბოლოს 1 ლიტრი ბენზინის და დიზელის ღირებულება დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა და მას შემდგომ არაფერი შეცვლილა. ყველაზე საუკეთესო პერსპექტივა არის ის, რომ სტაბილური ფასი რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს, თუმცა დღევანდელი სიტუაციის ფონზე, საწვავი გაძვირებას გააგრძელებს.
როდესაც კურსი სტაბილურია და მით უმეტეს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მყარდება, რა თქმა უნდა, ფასზე დადებითად მოქმედებს. თუ იყო მოლოდინი, რომ მაღალი კურსის შემთხვევაში, საწვავი გაცილებით უფრო მეტად უნდა გაძვირებულიყო, ლარის გამყარების პირობებში, რა თქმა უნდა, ფასის კორექტირება შედარებით ნაკლებად მოხდება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, დღეს ფასები რომ მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ეს გაცვლითი კურსის დამსახურებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ლარი იმ დონემდე გამყარებული არ არის, რომ გაზრდილი საერთაშორისო ფასი დააბალანსოს”, – დასძინა “რეზონანსთან” მთვრალაშვილმა.
საერთაშორისო ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოში საწვავის გაძვირება გარდაუვალია, თუმცა ჯერჯერობით მაინც სტაბილური ვითარებაა საბითუმო ბაზარზე. მიახლოებითი თარიღის დასახელება რთულია, თუ როდის შეიძლება გაძვირება დაიწყოს, თუმცა კომპანია “სენტრა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ტენდენცია დროთა განმავლობაში საქართველოზეც იქონიებს გავლენას.
“საბითუმო ბაზარზე ფასები დაახლოებით, 2.60-2.65 ლარამდე მერყეობს – ბენზინისაც და დიზელისაც. ჯერ გაძვირება მაინცდამაინც არ შეინიშნება, მაგრამ მსოფლიო ბაზრაზე ნავთობი ძვირდება და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ეს ტენდენცია ასახვას ჩვენთანაც ჰპოვებს. ლარის მყარი კურსი, რაღაც დოზით ფასებს აბალანსებს, მაგრამ მსოფლიოში ნავთობის ღირებულება იმდენად სწრაფად მატულობს, რომ საკმარისი საპირწონე ვერ იქნება ფასების შესანარჩუნებლად”, – განუცხადა “რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.
წყარო: “რეზონანსი”