საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად მენეჯმენტმა საფინანსო ინსტიტუტებს მიმართა, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკს (EBRD).
ევრობანკის ცნობით, განიხილება „რუსთავის აზოტის” დაფინანსების 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდა.
საფინანსო ორგანიზაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის ახალი, სუბორდინირებული სესხის გამოყოფის საკითხის განხილვა აქტიურ ფაზაშია.
EBRD -ის ცნობით, სესხის ნაწილი საწარმოო ხაზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზებას მოხმარდება. მეორე ნაწილი მიემართება კომპანიის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქებისთვის.
ევრობანკი მიუთითებს, რომ ახალი ინვესტიცია გააორმაგებს კომპანიის წარმოებას და გააუმჯობესებს მის ენერგოეფექტურობას.
ინვესტიციის მეშვეობით მოხდება ქარხნის საწარმოო ხაზების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა, რითაც კომპანია სასუქების წარმოებით ლიდერი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში.
EBRD-ს ჯამური სესხი 75 მილიონი აშშ დოლარია. დაფინანსება საერთო ჯამში შეადგენს 200 მილიონს. შედგება მთავარი და სუბორდინირებული სესხისგან, რომელიც მოზიდული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისა ან/და კომერციული ბანკებისგან.
საინვესტიციო პროექტის ბიუჯეტი კი, 220 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საკითხის განხილვა ევრობანკში 25 ნოემბერს არის ჩანიშნული.