კონსალტინგურ კომპანია „მაკკინსის“ ანალიტიკოსების მიერ შესრულებული კვლევის მიხედვით, ენერგიის ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლა, მსოფლიოს 2050 წლამდე პერიოდში, დახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ეს კი მსოფლიო მშპ-ის დაახლოებით 7.5 პროცენტია.
„ჩვენ მიერ შესრულებული კვლევა ცხადყოფს, რომ 2021-დან 2050 წლამდე პერიოდში, მსოფლიოს დაახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დასჭირდება იმისთვის, რომ ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლის ხარჯები დაფაროს. ეს კი წლიურად 9.2 ტრილიონი დოლარის ტოლფასია“, – ნათქვამია ანალიტიკოსთა ანგარიშში.
ეს დაახლოებით 3.5 ტრილიონი დოლარით მეტია იმ ხარჯებზე, რომლებსაც მსოფლიო „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლისთვის, ამჟამად წლიურად გაიღებს. ხარჯების ნახევარზე მეტს, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები – აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი, იაპონია და ბრიტანეთი გაიღებენ. საერთო ჯამში, ისინი აღნიშნულ პერიოდში, თავიანთი მშპ-ის დაახლოებით 6 პროცენტს, ენერგეტიკის „გამწვანებაზე“ დახარჯავენ.
„მაკკინსის“ ანალიტიკოსების კვლევის შესაბამისად, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, თავიანთ მშპ-სთან მიმართებით, პროცენტულად მეტი წილის გაღება მოუწევთ. ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში ეს წილი 21 პროცენტს მიღწევს, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კი – 16.3 პროცენტს.
წყარო: BPN.GE