საქართველოს ენერგოსექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია უცხოელი ინვესტორებისთვის.
საქართველოში არსებულ აუთვისებელ ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირებით დაინტერესდა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი, schulze global, მათი განცხადებით მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში ფონდის მიერ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ფონდის სამომავლო გეგმებზე schulze global-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გაბრიელ შულცი საუბრობს
„შულც გლობალმა“ უკვე გამოხატა ინტერესი ქართული ენერგობაზრის მიმართ. კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ და რატომ დაინტერესდით საქართველოში შემოსვლით?
ჩვენ კერძო საინვესტიციო ფონდი ვართ და ინვესტიციებს ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორის კერძო პროექტებში. ამას არა ერთ ქვეყანაში ვაკეთებთ და მათ შორის ავირჩიეთ საქართველოც. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ დავინახეთ რამხელა აუთვისებელი პოტენციალია თქვენს ქვეყანაში და ჩემი პერსონალური მოსაზრებით დასავლეთში ამის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის.
მაგალითად, გეოპოლიტიკური რისკები ხშირად გადაფარავს ხოლმე იმ ყველაფერს რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია ინვესტორებისთვის. ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება საგაზეთო სათაურებს და გადავწყვიტეთ, რომ რისკი არც ისე მნიშვნელოვანია როგორიც ჩანს, შედეგად დავფიქრდით სექტორებზე. ძალიან დიდ ხანს და გულდასმით ვაფასებდით ბაზარს და მივედით დასკვნამდე, რომ ინვესტირების საუკეთესო საშუალება ჰიდროენერგეტიკაშია. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან მე პირადად მაცდუნებდა სხვა სექტორებიც. მაგალითად, სასტუმროების ბაზარი, რადგან მგონია ქვეყანას ტურიზმის ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს მაფიქრებინებს, რომ სამომავლოდ ინვესტირების სხვა სექტორშიც გადავალთ, მაგრამ დღეს ფოკუსირებული ვართ ჰიდროენერგეტიკაზე. მცირე და საშუალე ჰიდროელეტქრო სადგურებისთვის გამოყოფილი გვაქვს 100 მილიონი დოლარი, რომლითაც არა ერთი პროექტის სააქციო კაპიტალში შევალთ. ახლა კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, თუმცა ამ წლის ბოლოსათვის უკვე განვაცხადებთ პირველი ინვესტიციის შესახებ.
ანუ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს?
ნამდვილად! ქართულ ბაზარზე არის სესხის მიღების საშუალება, თუმცა ნაკლებია რესურსი წილობრივი კაპიტალისათვის. ბევრ დეველოპერს არ აქვს წვდომა ასეთ კაპიტალზე და სწორედ აქ არის ჩვენი როლი. ჩვენ ვთავაზობთ კაპიტალის იმ ნაწილს, რაც დეველოპერს აკლია. ამის სანაცვლოდ პროექტიდან შესაბამის წილს მივიღებთ. ეს ჩვენთვისაც მომგებიანია და დეველოპერისთვისაც.
როგორც წესი, რა წილობრივი მონაწილებით შედიხართ ბიზნეს პროექტში და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ თქვენ ინვესტირებით დაინტერესდეთ?
წილი, რომელსაც ჩვენი კაპიტალის სანაცვლოდ ვიღებთ, პროექტის მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია თავად კაპიტალის რაოდენობაზე. მეორე მნიშვნელოვანი დეტალია რამდენად განვითარებულია პროექტი. რაც უფრო საწყის ეტაპზეა ის, რისკი მეტია და პირიქით თითოელ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკება უნიკალურია და ბუნებრივია ორივე მხარე აყენებს მისთვის მომგებიან პირობებს.
რა ხდება შემდეგ, როცა ბიზნესი უკვე განვითარებულია. როგორ ასხვისებთ საკუთარ წილს?
ცხადია, არ ვაპირებთ მუდამ გვქონდეს წილი ქართულ ენერგეტიკაში. ჩვენი მიზანია სექტორი გაიზარდოს და ამ ზრდის შედეგად ჩვენ მოგება ვნახოთ. მე მიყვარს საქართველო, მაგრამ რა თქმა უნდა არ მინდა ჩემს შვილებს ჰიდროენერგეტიკაში გარკვეული წილი დავუტოვო. მას შემდეგ რაც შევხედავთ პროექტი სტაბილურია და გარკვეული მოგება მოაქვს ჩვენ წილს გავყიდით. ზოგადად რთულია გაყიდო მცირე პროექტი, მაგრამ უფრო ადვილია გაყიდო პროექტების პაკეტი და ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც სასარგებლოა ჩვენი პარტნიორებისთვისაც. მაგალითად, თუ გვაქვს წილი ათამდე პროექტში, შევქმნით პაკეტს, რომლის გაყიდვა ბევრად უფრო მომგებიანი იქნება და კომპანიის წილიდან გასვლის მეტ ვარიანტებს მოგვცემს. მყიდველი შეიძლება იყოს საპენსიო ფონდი, ინფრასტრუქტურული ფონდი ან სულაც მსხვილი მოთამაშე ენერგო ბაზარზე.
როგორ მოგწონთ ქართული კომპანიების განვითარების დონე, რამდენად კმაყოფილი ხართ მათთან საქმიანი ურთიერთობებით?
საქართველოში კომპანიების ჰიდროელექტროსადგურების განვითარების დიდი გამოცდილება არ აქვთ. პროექტის განხორციელბის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა ამისთვის საჭირო საშუალება და შესაბამისი უნარები ნაკლებს.
მაგალითად, 100-დან რამდენ პროცენტს აქვს ეს უნარები?
მე ვიტყოდი მხოლოდ 25-35%-ს. მხოლოდ ამ რაოდენობას აქვს პროექტების განხორციელების საშუალება და გამოცდილება. გულწრფელი რომ ვიყო სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს დაბრკოლებას.
როგორ მობილიზდება კაპიტალი თქვენს ფონდში?
ჩვენ ვმართავთ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც კაპიტალი ნაწილობრივ ჩემს ოჯახს ეკუთვნის, ნაწილობრივ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს. მაგალითად, საქართველოსთვის გამოყოფილ ფონდში ნაწილობრივ ევროპის საინვესტიციო ბანკი მონაწილეობს. საბოლოოდ ეს თანხები თავს იყრის ერთ ფონდში, რომელსაც ჩვენ ვმართავთ. ვთავაზობთ ინვესტორებს საინვესტიციო შესაძლებლობებს და შემდეგ ვახორციელებთ ინვესტიციებს, ამდენად, მათი ჩართულობა პროექტში მინიმალურია.
ოჯახთან დაკავშირებით აშკარად გაგიმართლათ, მოგვიყევით როგორ დაიწყო თქვენი ოჯახური ბიზნესი?
სხვათაშორის ჩემმა წინაპარმა ოქროს მომპოვებელი სამუშაოებით დაიწყო. საკმაოდ დიდი კომპანია შექმნა, რომელის აქციები შემდეგ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზეც დაიდო. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ დღეს ამ ბიზნესში არანაირი კომპეტენცია არ გვაქვს და ბოლო ორი თაობა რეალურად ოჯახის კაპიტალის მომგებიანად დაბანდებაზე იყო დაკავებული. ოჯახური კაპიტალი მოქნილობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, ქართულ ბაზარზე შემოსვლისას ვიცით, რომ ჩვენს ფულს ვაბანდებთ და დიდად არ გვაღელვებს მოვახერხებთ თუ არა სხვა ინვესტორების დარწმუნებას იგივეს გაკეთებაში. სწორედ ამ მოქნილობის საშუალებით ვითვისებთ აუთვისებელ ბაზრებს და ერთი ნაბიჯით წინ ვართ სხვა ინვესტორებთან შედარებით.
წყარო: ბიზნესკონტაქტი