თხევადი გაზი (LPG) ყაზახეთში ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გაიყიდება და არა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის (ETP) მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკული მრეწველობის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ გაავრცელა.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თხევადი გაზის გაყიდვის შესახებ ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გვერდის ავლით, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების განაცხადების საფუძველზე, შიდა ბაზარზე LPG-ს მიწოდების გეგმის მეშვეობით. ცვლილებები შევიდა თხევადი აირის შიდა ბაზარზე მიწოდების გეგმის ფორმირების წესშიც, რაც ითვალისწინებს იმ სუბიექტების სიის გაფართოებას, რომლებსაც უფლება ექნებათ შეიძინონ LPG ETP-ის მიღმა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ნავთობქიმიური ქარხნების გარდა, აღნიშნული გზით თხევადი აირის შესყიდვას შეძლებენ ბენზინგასამართი სადგურები, გაზის მიმწოდებელი ორგანიზაციები, გაზგასამართი პუნქტები და სადგურები.
პრესსამსახურმა განმარტა, რომ გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში, საცალო მოვაჭრეებმა თხევადი გაზი ETP-ზე საბითუმო საბაზრო ფასებში შეიძინეს. 5 იანვარს კი განისაზღვრა LPG საცალო ვაჭრობის ლიმიტური ფასები – 50-დან 75 ტენგემდე (0,11 დოლარიდან 0,17 დოლარამდე) ლიტრზე, რეგიონიდან გამომდინარე.
ნინო სამადაშვილი