ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შეშფოთება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების რისკს ზრდის იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ასეთი სანქციები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, დასავლელი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან ომის თავიდან აცილების სურვილში და ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მას მასშტაბური სანქციები ემუქრება. კერძოდ, საუბარია ისეთ ზომებზე, როგორიცაა ექსპორტის კონტროლი, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ფინანსური გადახდების გლობალური სისტემიდან რუსეთის გათიშვა.
წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები მხარს უჭერენ მნიშვნელოვან საპასუხო ზომებს, ზოგიერთმა ასევე შეშფოთება გამოხატა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შედეგად, საკუთარი ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობით.
„აღნიშნული ქვეყნების ჯგუფი კვლავ მუშაობს პოტენციური სანქციების ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების შეფასებებზე“, – აღნიშნეს წყაროებმა.
ევროპული ქვეყნები ასევე შეშფოთებულნი არიან იმით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეწყვიტოს ევროპისთვის, რომელიც უკვე ებრძვის ენერგიის რეკორდულად მაღალ ფასებს.