კოსოვოს მთავრობამ, ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მიზნით, კრიპტოვალუტის მაინინგი აკრძალა, რადგან ქვეყანა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე რთული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას წარმოების შეფერხებების გამო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
„ყველა სამართალდამცავი უწყება აღმოფხვრის ამ საქმიანობას, სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებიც გამოავლენენ იმ ლოკაციებს, სადაც კრიპტოვალუტის წარმოება ხდება,“ – აცხადებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი, არტანე რიზვანოლი.
სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში, ელექტროენერგიის დაბალი ფასების გამო, კოსოვოში კრიპტო მაინინგი ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გათიშვისა და იმპორტის მაღალი ფასების გამო, გასულ თვეში მთავრობა იძულებული გახდა, ელექტროენერგიის გათიშვები დაეწყო. დეკემბერში ხელისუფლებამ 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა, რომ მთავრობას საშუალება მიეცეს, ენერგიის იმპორტზე მეტი თანხა გამოყოს, შემოიღოს ელექტროენერგიის შეწყვეტის უფრო მკაცრი გრაფიკი და სხვა მკაცრი ზომები დააწესოს.
ერთ-ერთმა ანონიმმა მაინერმა, რომელსაც 40 GPU (გრაფიკული პროცესორი) აქვს, Reuters-ს განუცხადა, რომ თვეში ელექტროენერგიაში 170 ევრომდე იხდის და დაახლოებით, 2,400 ევროს მოგებას იღებს.
მონეტების მოპოვება უფრო ჩრდილოეთ კოსოვოში გაიზარდა, რომელიც, ძირითადად, სერბებით არის დასახლებული. ისინი კოსოვოს სახელმწიფოს არ აღიარებენ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს ამბობენ.
1.8-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნა ზამთრის პერიოდში მოხმარებული ენერგიის 40%-ზე მეტს იმპორტით ყიდულობს. კოსოვოში ენერგიის, დაახლოებით, 90% ლიგნიტისგან, ანუ დაბალი ხარისხის მურა ქვანახშირისგან იწარმეობა, რომელიც წვის დროს ტოქსიკურ დაბინძურებას იწვევს. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ლიგნიტის მარაგით კოსოვო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, რაც 12-14 მილიარდ ტონას შეადგენს.
წყარო: bpn.ge