2021 წლის დასაწყისში ნავთობი საშუალოდ 50 დოლარი, ხოლო დეკემბრის ბოლოს შავი ოქროს 1 ბარელი უკვე 79-80 დოლარი ღირდა.
მოთხოვნა ნავთობზე იზრდება, რადგანაც გაზის ფასის კატასტროფული მატების და ალტერნატიული ენერგეტიკის არასაკმარისი პოტენციალის ფონზე, მსხვილი მომხმარებლების ნაწილი უფრო მეტად ნავთობზე გადადის.
გაზის ფასის ზრდას ნავთობზე მოთხოვნის ზრდით პირველმა აზიამ უპასუხა – სწორედ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებმა უპირატესობა უფრო იაფ ნავთობს მიანიჭეს და ამავე დროს გაძვირებული გაზის შესყიდვა შეამცირეს. მალევე აზიის მაგალითი ევროპამაც გაიზიარა – გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ნაწილი დიზელზე გადაიყვანეს, რამაც მსოფლიო ნავთობმოხმარება დღე-ღამეში 1.5 მლნ ბარელით, 100 მლნ.-დე გაზარდა.
2022 წელს სანავთობო ფასებისთვის რამდენიმე რისკი არსებობს. პირველ რიგში ესაა უმსხვილესი რეგულატორების, მაგალითად, აშშ-ის ფედერალური რეზერვის და ინგლისის ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომლის მიზანიც ინფლაციის შემცირებაა. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, და ნავთობის ფასებზეც უარყოფითად აისახება.
მეორე ფაქტორი კორონავირუსის მორიგი ტალღაა, რომელსაც ახალ-ახალი შეზღუდვები მოჰყვება, ამიტომაც გლობალური ეკონომიკის სრულფასოვანი აღდგენა ფერხდება.
არის საწინააღმდეგო ფაქტორებიც, რომლებიც პირიქით, ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს – მაგალითად, ცივი ზამთარი ევროპაში, რომელიც გაზის, და მასთან ერთად, ნავთობის გაიაფებას ნაკლებად მოსალოდნელს ხდის. ნავთობის ფასების დაკლების წინააღმდეგ ასევე მუშაობს ოპეკ-ის მკაცრი კონტროლი – საერთაშორისო კარტელი მზადაა შეამციროს მოპოვება მაშინვე, როგორც კი შავი ოქროს ღირებულება კრიტიკულად დაბალ ზღვარს მიუახლოვდება.
ამიტომაც, ნავთობის გაიაფება 40 დოლარამდე უახლოეს წლებში თითქმის გამორიცხულია. Global Ratings-ის პროგნოზით, შესაძლოა 2023 წლისთვის ბარელი ნავთობი 55 დოლარამდე გაიაფდეს, თუმცა, ნაკლები არ იქნება, რადგანაც ის არის მინიმალურად დასაშვები ფასი ისეთი მომპოვებლებისთვის როგორც რუსეთი, აშშ, მექსიკა, ასვე სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ქვეყნები.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ნავთობი აქტუალურობის ათწლეულების მანძილზე შეინარჩუნებს – მისი პროგნოზით, 2040 წელს მოთხოვნა ნავთობზე დღე-ღამეში 114 მლნ. ბარელამდე გაიზრდება, ხოლო 2050 წელს 2019 წლის ფასებში ნავთობი 40-70 დოლარი ეღირება.
ამ ეტაპზე ნავთობის გაძვირებას ასევე ხელს უწყობს ნავთობ-გაზის სექტორში ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობა – ზრდა ამ კუთხით წინა წლებთან შედარებით თითქმის არ იქნება, და ეს მაშინ, როდესაც მოთხოვნა ან გაიზრდება, ან სტაბილურობას შეინარჩუნებს.
გამოდის, რომ ნავთობ-გაზის სექტორში ინვესტიციები არ იზრდება, მოთხოვნა კი მატულობს, შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების ზრდაც.
წყარო: “კომერსანტი”