„ენგურჰესის” რეაბილიტაციის შედეგად ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 90 მლნ კვტ საათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან” ჰესის ხელმძღვანელმა, ლევან მებონიამ განაცხადა.
მისი თქმით, შედეგმა სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა.
„რეაბილიტაციის დასახული მიზანი იყო წყლის გაჟონვის შემცირება გვირაბიდან და რასაც ველოდით, შედეგი ბევრად უკეთესია. ეს ცხადია აისახება გამომუშავების ზრდაში. თუმცა კონკრეტულად გამომუშავება წლების მიხედვით დამოკიდებულია წყლის შემოდინებაზე. დავუშვათ, შარშან რა შემოდინებაც გვქონდა, იმასთან რომ გავათანაბროთ, წელიწადში გვაქვს დაახლოებით 90 მლნ კვტ-ს მატება, დანაკარგის შემცირებით, რომელიც გვირაბში წყლის გაჟონვით იყო განპირობებული“,- განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორმა.
,,რაც შეეხება გადანაწილებას არაღიარებულ აფხაზეთთან, თანაფარდობა წელს აღდგა და მივაღწიეთ 60/40-ზე გადანაწილებას“, – განაცხადა ლევან მებონიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
“ენგურჰესის” 3-თვიანი რეაბილიტაცია 2021 წლის 27 აპრილს დასრულდა. სამუშაოების შესრულებას ჯამში 30 მილიონი ევრო მოხმარდა, საიდანაც დაახლოებით 8 მილიონი ევრო მხოლოდ გვირაბის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.
ინფორმაციისთვის, ენგურჰესის 5 ჰიდროაგრეგატის ჯამური სიმძლავრე 1300 მვტ-ია. ენგურჰესის წლიური საპროექტო გამომუშავება 4.3 მლრდ კვტ.სთ-ია.
წყარო: www.bpn.ge