გერმანიის ვიცე-კანცლერი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტის გაჩერებას არ გამორიცხავს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრი რობერტ ჰაბეკი „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხების კანონის მიხედვით გადაჭრის მომხრეა. ამასთანავე, ვიცე-კანცლერი უკრაინის გამო ამ პროექტის გაჩერებას არ გამორიცხავს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ვიცე-კანცლერის თქმით, ფედერალური მთავრობა გაზსადენის სერტიფიცირების პროცესში არ უნდა ჩაერიოს. ამასთანავე, ის უკრაინის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო პროექტის გაჩერებას არ გამორიცხავს.

„პოლიტიკის სათავეში პოლიტიკური საკითხები უნდა იყოს. მათი ანალიზი საგარეო პოლიტიკისა და გეოპოლიტიკის მოსაზრებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში სიტუაციის და იქ რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხის შეფასებისას შესაძლოა, გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რაც კონფლიქტის შემთხვევაში გარკვეული სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს“ – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ჰაბეკის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადს“ შეუძლია უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ყურადღება მოადუნოს. ის ფიქრობს, რომ ევროპამ უკრაინას ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლაში ხელი უნდა შეუწყოს. გერმანია ამ მიზნებისთვის 150 მლნ ევროს გამოყოფს.

როგორც „გაზპრომის“ მმართველობის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, „ჩრდილოეთ ნაკადი– 2“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის მზად არის.  მისი თქმით, გაზსადენის ორივე მილში გაზის ჩატუმბვის სამუშაოები დასრულებულია.

მანამდე კი რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადის-2“ სერტიფიცირების დასრულებას 2022 წლის პირველ ნახევარში ელოდება.

Leave a Reply