მეხუთე დღეა, რაც ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი ვარდნას განაგრძობს, რაც ბოლო წლის განმავლობაში, ფასების კლების ყველაზე გრძელი პერიოდია.
სააგენტო Bloomberg ამის მიზეზად შეერთებული შტატებიდან თხევადი გაზის მიწოდებას ასახელებს, რაც წინა კვირას კიდევ უფრო გაიზარდა. სააგენტო ვარაუდობს, რომ ფასების ზრდის ფონზე ამერიკული დახმერება ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს შეამსუბუქებს.
ბუნებრივი აირის ვირტუალურ სავაჭრო ნიშან TTF-ზე ფასების კლებამ 9,2%-ს მიაღწია. თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი გემები სულ უფრო მეტი რაოდენობით მიემართებიან ევროპისკენ, რაც ზრდის მოლოდინს, რომ ახალი მარაგი ბაზრის დაბალანსებას ხელს შეუწყობს.
ევროპული პორტებისკენ მიმავალი და თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული გემების რაოდენობა მესამედით, 20-მდე გაიზარდა. ევროპაში მიწოდება გაიზარდა, რადგან აზიის უმსხვილესი მყიდველები ამჯობინებენ, ამ ზამთარში დამატებითი მოცულობის ყიდვის ნაცვლად, თავიანთი მარაგები გამოიყენონ.
გასული კვირის დასაწყისში ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რადგან რუსულმა „გაზპრომმა“ იამალი-ევროპის გაზსადენზე გადატუმბვის დაჯავშნა შეწყვიტა. „გაზპრომი“ ამ გაზსადენზე დაჯავშნის მოცულობას 17 დეკემბრიდან ამცირებდა, ხოლო 21 დეკემბრიდან შეკვეთები საერთოდ შეწყვიტა. ამის შედეგად ევროპის ICE ბირჟაზე გაზის ფასმა კუბურ მეტრზე 2 000 დოლარს გადააჭარბა და ათას კუბურ მეტრზე რეკორდულ 2138 დოლარს მიაღწია, რაც, დაახლოებით, 20%-იან ზრდას წარმოადგენდა.
კვირის ბოლოს ფასები 40%-ით დაეცა, რადგან ძლიერმა ქარებმა ევროპაში ქარის ენერგიის გამომუშავება გაზარდა. გარდა ამისა, თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალებიდან ევროპის ქსელში გაზის შედინება მკვეთრად გაიზარდა და მისმა იმპორტმა დეკემბერში შესაძლოა, ბოლო შვიდი თვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს.
წყარო: bpn.ge