კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლებმაც მომხმარებლებს კომუნალური სერვისის მიღება გაუმარტივა.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგმება.
„ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და, სამწუხაროა, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის მიზანმიმართულად იყენებენ. მინდა აღვნიშნო, ტარიფების ცვლილებასა თუ კომისიის ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ყოველთვის აქვს ინფორმაცია სემეკიდან. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილება იქნება, მოსახლეობას აუცილებლად ვაცნობებთ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის ტარიფების მატებაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ტარიფების მატება არ იგეგმება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ მედიას 2022 წლის გეგმებიც წარუდგინა. მისი თქმით, 2022 წელს სემეკი გააგრძელებს ნორმატიული ბაზის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში განახლებას, ასევე საზოგადოებას შესთავაზებს ახალ ელექტრონულ სერვისებს, მათ შორის, ამოქმედდება საწარმოთა ელექტრონული პორტალი, მიმწოდებლების შეთავაზების პორტალი, შემუშავდება სემეკის ახალი ვებგვერდი. 2022 წლის დასაწყისში დაფუძნდება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უფასოდ გაიაროს ტრენინგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე.