ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება ბირთვულ სფეროში „კარგ“ გარიგებას ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის, თუმცა მან სკეპტიციზმი გამოხატა იმის თაობაზე, რომ მიმდინარე კვირაში განახლებული მოლაპარაკებები ასეთ შედეგს მოიტანს.
„ბოლოს შესაძლოა კარგი გარიგება იქნეს მიღწეული“, – თქვა ბენეტმა 28 დეკემბერს ისრაელის სამხედრო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. „მოსალოდნელია თუ არა ეს ამ მომენტში, ამჟამინდელი დინამიკის პირობებში? არა, ვინაიდან საჭიროა უფრო მკაცრი პოზიცია.“
ისრაელი არ მონაწილეობს ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებაში, რომელიც თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს დასავლეთის მხრიდან სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ისრაელის თქმით, შეთანხმება ძალზე სუსტია.
წარსულში ისრაელი თავის დაუძინებელ მტერს, ირანს, ბრალს სდებდა „ბირთვულ შანტაჟში“.
2015 წლის გარიგება შეფერხდა მას შემდეგ, რაც 2018 წელს აშშ-მა დატოვა ის და თეირანს კვლავ დაუწესა სანქციები. 27 დეკემბერს ვენაში დაიწყო გარიგების განახლების თაობაზე მოლაპარაკებების მერვე რაუნდი.
ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ხასიათისაა. ის მოითხოვს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება.
მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმედგაცრუება გამოხატეს თეირანის ახალი მოთხოვნების თაობაზე. რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა, 28 დეკემბერს ტვიტერში დაწერა, რომ სამუშაო ჯგუფი „უდავო წინსვლას აღწევს.“
წყარო: “რადიო თავისუფლება”