ბელგიის მთავრობა შვიდივე ატომურ ელექტროსადგურს ხურავს

ბელგიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შვიდივე ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რაც 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირიანი დისკუსიის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.

„მთელი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ, ბელგიის მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქვეყანამ ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვას. დისკუსია მიმდინარეობდა იმაზე, გამოიწვევს თუ არა ბელგიაში ენერგიის დეფიციტსა და მასზე ფასების ზრდას შვიდივე ატომური რეაქტორის დახურვა. ამ პრობლემას, ასევე, აქვს გეოპოლიტიკური განზომილება, რადგან რუსეთი ევროპისთვის ნახშირბადის საწვავის მთავარ მიმწოდებლად რჩება,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია ისიც, რომ ატომური ენერგიის უარყოფამ ბელგია შესაძლოა, სხვა ქვეყნებზე უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს.

დღეისთვის ბელგიურ ატომურ ელექტროსადგურებს ფრანგული ენერგეტიკული კომპანია, Engie ოპერირებს. ბირთვული რეაქტორები ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების, თითქმის, ნახევარს ამარაგებენ.

ბელგიაში პირველი ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, მომავალ წელს დაიხუროს.

წყარო: BPN.GE

Leave a Reply