ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარებაზე გამოცხადებულ  ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე 12 კომპანიიდან შვიდი კომპანია შეირჩა, რომელთა შორის გამარჯვებულიც მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა  გამოვლინდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განაცხადა.

„სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, „მოკლე სიაში“ შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ 16 აპრილს წარმოადგინონ  დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება 2–3 უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე  კანდიდატის შერჩევა და მათთან მოლაპარაკებები  რამდენიმე რაუნდად გაიმართება. კომპანიებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან ხელშეკრულება 2015 წლის წლის სექტემბრისთვის გაფორმდება“, –  აღნიშნა ქავთარაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარებაზე გამოცხადებულ  ინტერესთა გამოხატვაში შერჩეული კომპანიები:

  1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE);
  2. MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM);
  3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA);
  4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG);
  5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM);
  6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES); (CONSORTIUM);
  7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA)

მინისტრის მოადგილის თქმით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისში  დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა უნდა იყოს 100 მლნ ტონა წელიწადში. მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით –  როცა პორტის არსებული ტვირთბრუნვა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის  90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის კონრეტული ვადები განსაზღვრული არ არის.

„ამ პორტის მშენებლობას,  მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე,  საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იქნება დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ანაკლიის პორტი დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის  ხანგრძლივობას, მაგალითად ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე. მნიშვნელოვანია, რომ პორტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს 6500 და უფრო მეტი კონტეინერით დატვირთული დიდი მოცულობის გემები, რაც საქართველოში, ჯერჯერობით პრობლემაა. პორტში შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი და მოზიდული იქნება მსხვილი ინვესტიციები. ეს პროექტი  წაადგება არამარტო ანაკლიის და ზოგადად, სამეგრელოს რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს და დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა ქავთარაძემ.

Leave a Reply