ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარამდე დაეცა.
გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 1 916,2 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი 1 694,2 დოლარამდე დაეცა, შემდეგ კი ოდნავ გაიზარდა – 1 708,2 დოლარამდე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდი მოხსნა და ათას კუბურ მეტრზე 2000 აშშ დოლარს გადააჭარბა.
როგორც წესი, „გაზპრომი“ ევროპის გაზის მოხმარების 1/3-ს უზრუნველყოფს, მაგრამ ნოემბერში მისი წვლილი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება.
ეს ხდება მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდის, მწვავე დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე. ევროპაში გაზის ექსპორტის შემცირება ასევე „დაემთხვა“ რუსულ-უკრაინული ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით გაუგებრობის ზრდას.
ევროპის ქვეყნების ეკონომიკები გაზის გლობალურ დეფიციტთან, ქარხნების დახურვასთან და კომუნალური ტარიფების უპრეცედენტო ზრდასთან გამკლავებას ცდილობენ, ამ დროს კი „გაზპრომი“ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მოგებით ტკბება.
კომპანიის ინფორმაციით, ივლის-სექტემბრის პერიოდში რუსული ენერგოგიგანტის მოგებამ 582 მლრდ. რუბლი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდი კომპანიამ ზარალით დაასრულა.