„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

ლევან მებონია: აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტური და ცივილიზებული მეთოდი მრიცხველებია, რომელიც მობილური ტელეფონის პრინციპით მუშაობს

ენგურჰესი გაჩერების საფრთხის წინაშე იდგა. მიზეზი არასაკმარისი წყლის რესურსის პირობებში აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარება იყო.

მართალია, მისი გაჩერების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან, აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, თუმცა, ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობის მხიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას უკავშირდება, არსად გამქრალა.

აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. კილოვატ/სთ ელექტროენერგია $0.0063 ღირს, რაც 1,7-1,8 თეთრის ტოლფასია. ხოლო კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 3,5-3,6 თეთრს შეადგენს, რაც ყველაზე იაფია ევროპაში. მიზერული ტარიფის მიუხედავად, ადგილობრივების დიდი ნაწილი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.

იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ხსენებულ პრობლემას, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ენგურჰესის გაჩერებამ (თუ აღნიშნული ისევ დადგება დღის წესრიგში) საქართველოს ენერგოსისტემაზე და რა გეგმები აქვს სიტუაციის გამოსასწორებლად აფხაზურ მხარეს, „ენერგონიუსი“ ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეს ლევან მებონიას ესაუბრა:

რა გავლენას მოახდენდა ენგურჰესის გაჩერება საქართველოს ენერგოსისტემაზე, თუ ამის საჭიროება დადგებოდა, ან კვლავაც დადგება მომავალში?

საქართველოს ენერგოსისტემაზე აღნიშნული განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენდა, რადგან ენგურჰესი მიერ გამომუშავებული ენერგია მთლიანად აფხაზურ მხარეს მიაქვს, საქართველოსკენ მოდის ძალიან მცირე ნაწილი, აქედან გამომდინარე, ხსენებულ ფაქტს ჩვენთვის განსაკუთრებული ზეგავლენა არ ექნებოდა, რადგან, მას შემდეგ, რაც წყალსაცავში ამოიწურება წყლის მარაგი, მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე ენგურჰესსა და ვარდნილჰესს ერთად შეუძლიათ გამოიმუშავონ მინიმუმ 80, მაქსიმუმ 100 მეგავატი ელექტროენერგია. აღნიშნული არის 2-დან 2.5 მილიონ კვტ.სთ-მდე დღე-ღამეში, მაშინ როდესაც აფხაზური მხარის მოხმარება თითქმის 10 მილიონია დღე-ღამეში. შესაბამისად, მათ ან უნდა შეემცირებინათ ელქტროენერგიის მოხმარება, ან განეხორციელებინათ იმპორტი რუსეთიდან.

არის საუბარი, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40/60%-ზე გადანაწილების შეთანხმების შესრულება, როგორც წლების წინ ვიყავით შეთანხმებული აფხაზურ მხარესთან, მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ხომ არ დაემუქრება მას რაიმე საფრთხე?

აღნიშნული პირობა უკვე შესრულებულია და ჩვენ წამოღებული გვაქვს ჩვენი კუთვნილი 60%. რადგან ენგურს ისეთ რეჟიმში ამუშავებდა ელექტროსისტემა, რომ რამდენიც მიჰქონდა აფხაზეთს, ჩვენ 20%-ით მეტი მოგვქონდა, ასე რომ, ჩვენი კუთვნილი კვოტა ისედაც შესრულებული გვაქვს.

და ხსენებული 60% რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ელექტროსისტემისთვის? ანუ, მისი გაჩერების შემთხვევაში ის არ წარმოადგენს სერიოზულ დანაკლისს?

რა თქმა უნდა, ენგურის გარეშე ქართულ ენერგოსისტემას უჭირს, რადგან ის წარმოადგენს მძლავრ რეზერვს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმპორტს საზღვარგარეთიდან და ზამთრის პერიოდში ვამუშავებთ თბო ელექტროსადგურებს, რომელიმეს გამორთვის შემთხვევაში, ენგურს შესწევს ძალა მყისიერად დაფაროს დეფიციტი, ისე რომ მომხმარებელმა ვერც კი იგრძნოს სისტემაში შეფერხება. თუ ენგური გაჩერდება და ამ დროს რაიმე მიზეზით შეფერხებაა იმპორტის, ან, თუ 300 მეგავატიანი ბლოკი გამოირთო (თბოსადგურის), სანამ რეზევები ამოქმედდება და ჩაირთვება, შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებს ჰქონდეს ადგილი ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, სწორედ ამიტომაა გადამწყვეტი  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ჰესების მშენებლობა.

თქვენ ახსენებთ ხოლმე ინოვაციურ მრიცხველებს, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს აფხაზურმა მხარემ მოსახლეობიდან მოხმარებული ელქტროენერგიის საფასურის ამოღების მიზნით. ესაა მრიცხველები, რომელიც მობილური ტელეფონის პრინციპით ფუნქციონირებს, ანუ, მისი გამოყენება შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ანგარიშზე არის საკმარისი თანხა, ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში კი ვითიშებით ქსელიდან.

კი, ეს გახლავთ ყველაზე ეფექტური და ცივილიზებული მეთოდი ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების, რადგან ელექტროენერგია აბონენტს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ანგარიშზე საკმარისი თანხაა, ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში კი ელექტროენერგიის მიწოდება წყდება. თუმცა, მაინც ძნელი სათქმელია რამდენად გაართმევს აღნიშნულს აფხაზური მხარე თავს, აქ სწორ ადმინისტრირებასაც აქვს მნიშვნელობა. საუბარია, რომ მიდის მოლაპარაკება რუსულ მხარესთან, ხსენებული მრიცხველების შეძენაზე, დაახლოებით, 20 000 ერთეულზე. იმის ფონზე, რომ აფხაზეთში არის მთლიანობაში დაახლოებით 100 000 აბონენტი, 20 000 ასეთი მრიცხველი უკვე ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს. ჩვენ ვურჩიეთ მსგავსი მრიხცველები დააყენონ საკვანძო წერტილებზე, ისინი კი აღნიშნულ საკითხში გვენდობიან, რადგან იციან, რომ მეტი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს. მაგალითად, არის 1 სოფელი, ამ სოფელში, პირობითად, არის 5 ტრანსფორმატორი, ხსენებული მრიცხველები უნდა დამონტაჟდეს მათზე და ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, ის ავტომატურად გამოირთვება, რაც აიძულებს სოფელს რომ ყველამ გადაიხადოს.

რამდენად რეალურია მსგავსი მრიცხველების დამონტაჟება?

აფხაზეთის ენერგოსისტემა იმდენად ცუდ დღეშია მაინიგისა და კიდევს სხვა მიზეზების გამო, რომ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. მათი დეფიციტი წლიდან წლამდე დაახლოებისთ 800-900 მილიონი კვტ.სთ-ს აღწევს. რუსეთი კი მუდმივად არ მისცემთ ელექტროენერგიას უფასოდ. გამრიცხველიანება და ტარიფის მომატება ერთადერთი გამოსავალია აღნიშნული კრიზისიდან თავის დასაღწევად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply