“შავი ლეგენდები” და პუტინის რუსეთი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ…

ტერმინი “შავი ლეგენდები” ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მე-16, მე-17 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ინგლისსა და ესპანეთს შორის გაუთავებელი კონფლიქტი დაიწყო. მაშინდელმა ინგლისელმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს ისეთი ამბების გამოგონება მეტოქეზე, რომელიც ძალიან შორს იდგა რელობისგან, მაგრამ ხალხი მარტივად იჯერებდა…

ამ პროპაგანდისტული იარაღის წყალობით, ინგლისმა მნიშვნელოვანი მორალური უპირატესობა მოიპოვა ესპანეთზე…

ასეთ ლეგენდებს დიდი გასავალი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროსაც და მას აქტიურად იყენებდა “გრუ”  და ფე-ეს-ბე. გახსოვთ ალბათ, ტაქსის მძღოლებთან მოყოლილი ისტორიები როგორ ხდებოდა საყოველთაო განხილვის თემა და შემდეგ როგორ იყენებდნენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის…

“შავი ლეგენდები” და “არა ჰესებს” კამპანია საქართველოში…

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ 500 წლის წინ გაჩენილი “შავი ლეგენდებით” ხდება თამაში ადამიანთა ტვინებზე  დღესაც და მას აქტიურად იყენებენ საქართველოშიც… ეს ყველაზე თვალსაჩინოდ “არა ჰესებს” კამპანიის დროს გამოჩნდა.

“შავი ლეგენდებით” კარგად გაწერილი მესიჯბოქსით მიმდინარეობდა მთელი კამპანია, რაც პირდაპირ ურტყამდა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.

ლეგენდა N1. ლეგენდის თანახმად, რომლის გამჟღერებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე გახლდათ, ნამახვანჰესის აშენების შემთხვევაში, წყალი კაშხალს გაარღვევდა და ქუთაისს 30 მეტრიანი ტალღა გადაუვლიდა… რა თქმა უნდა, დატბორავდა კიდეც…

თეა გოდოლაძე: შეიძლება იყოს 30 მეტრი, ან 40. მე არ ვიცი, მაგრამ 34 მეტრი, პლუს, მინუს 1 მეტრი იქნება ტალღის სიმაღლე, რომელიც ჩააღწევს ქუთაისში და დატბორავს ქუთაისს.”

სასაცილოდ ჟღერს? ცხადია! წარმოუდგენელია, წოდებით პროფესორ თეა გოდოლაძეს არ სცოდნოდა ამ ვერსიის აბსურდულობა, მაგრამ მიზანს უნდა გაემართლებინა საშუალება და გაამართლა კიდეც – “34 მეტრიანმა ტალღამ” ქუთაისის ცენტრში უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი შეკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნიდან ინვესტორის წასვლა იყო.

“შავი ლეგენდების” მიზანიც სწორედ ეს არის, დაარწმუნოს საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ყველაზე დიდი აბსურდის ჭეშმარიტებაში.

ლეგენდა N2: რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებზე შედარება და ვარლამ გოლეთიანის გა-ჯონ-სნოუება…

„ვარლამ გოლეთიანს რომ პოპულარული სერიალის, “სამეფო კარის თამაშების“ მთავარ გმირს, ჯონ სნოუს ამსგავსებენ, ეს ყველამ იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, GOT-ის გმირებთან ვიზუალური მსგავსება არა მხოლოდ ვარლამს, არამედ რიონის ხეობის სხვა მცველებსაც აქვთ.“ – ამ შინაარსის შემცველი სტატიების მასობრივი გავრცელება მედიაში და ფოტოკოლაჟების შექმნაც არ ყოფილა შემთხვევითობა.

იმ დროისთვის, საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალის გმირებთან მსგავსებაც საზოგადოების მანიპულირებას ისახავდა მიზნად. მიზანი მიღწეულია – ნამახვანჰესის აშენება შეჩერებულია, რაც კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე.

ლეგენდა N3: მწვანე ალტერნატივა: “აპირებენ ააფეთქონ მთები და რიონი საერთოდ დაიკარგება”.

ამ ლეგენდას სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა  – “ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა, იმგვარი დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლო განცხადებები გაკეთდება არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებსაც მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან განცხადებები მიმართულია  მოსახლეობის გრძნობებზე, რაჭის, ონის მოსახლეობის…

ლეგენდა N4: თეა გოდოლაძე: “ლარსი ჰესი აღარ მუშაობს და დაინგრა”.

ტყუილია! ლარსი ჰესი არ დანგრეულა და მუშაობს…

ლეგენდა N5: კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში 3000 თურქის ჩამოსახლებას გეგმავს, რომლებიც აქ სამუდამოდ დარჩებიან…” ამ ლეგენდის აბსურდულობის განმარტებაზე აღარ შევჩერდებით…

ასეთი ლეგენდები უსასრულოდ შეგვიძლია ჩამოთვალოთ, დაახლოებით 50-მდე ჩემს მიერ არის მოკვლეული და კიდევ ბევრი შეიქმნება, ყველა ჯერზე, როგორც კი ქვეყანა დიდი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას დაიწყებს…

დავით მირცხულავა (ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში): დღეს ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშეა, რაც პირდაპირ კავშირშია ენერგოდაუმოუკიდებლობასთან, ენერგოდამოუკიდებულება კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან.

ამ ფონზე, როდესაც წესით და რიგით, გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ენერგეტიკული წყაროების ათვისებას, ქვეყანაში აქტიურად წარმოებს „არა ჰესებს“ კამპანია.  რეალურად, ამ კამპანიით ჰესების წინააღმდეგ უპირისპირდებიან ჩვენი ქვეყნის ძირითად ენერგეტიკული რესურსურსის ათვისებას. ჰიდრო რესურსი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული რესურსი და ამიტომ, როდესაც ამბობებ „არა ჰესებს”, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძირითად ენერგეტიკულ რესურსს ვერ გამოვიყენებთ. დღეს ასეცაა, ბლოკირებულია უამრავი პროექტი.”

სად იწერება ეს სცენარი და რას ისახავს ის მიზნად? ჩვენ შევეცდებით, ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი.

რუსული “ინტერ რაოს” საბჭოს წევრი ალექსანდრა პანინა: პერსპექტიულ მიმართულებათა შორის  საქართველოა!

საქართველოს ენერგეტიკასთან მიმართებაში რუსეთს, ტრადიციულად, გრანდიოზული და ამბიციური გეგმები აქვს. მისი შესრულება კარგა ხნის წინ დაიგეგმა. ინტერ რაო” 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდას გეგმავს და ამას პირდაპირ აცხადებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

 2019-2020 წლებში რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდის დაწყების წინ, 2019 წლის 20 მაისს, „ინტერ რაოს“ საბჭოს წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

ინტერვიუში პანინა აცხადებდა, რომ საქართველოს ბაზრის პერსპექტივას განაპირობებდა მოხმარების ზრდის მაღალი ტემპი, აგრეთვე თურქეთში რეექსპორტის პოტენციური შესაძლებლობა.

ინტერვიუს პრესაში გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე „ინტერ რაოს“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, ინტერვიუში გახმაურებული მიზნების მისაღწევად, საქართველოში თავისი ფილიალის დაარსება, რაც 21 მაისს საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში შპს ინტერ რაო საქართველოს გატარების დროს წარდგენილი დოკუმენტაციითაც დასტურდება.

“ინტერ რაო საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დირექტორად კი ესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ვახტანგ ამბოკაძე დანიშნეს.

აღსანიშნავია, რომ იმ ესკომ, რომლის თავმჯდომარეც თავის დროზე ამბოკაძე იყო, „ინტერ რაო საქართველოს” საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მეორე დღეს, 22 მაისს მისცა საბითუმო ვაჭრობაში როგორც იმპორტიორის, ისე ექსპორტიორის სახელით ვაჭრობის უფლება.

შპს „ინტერ რაოს“ დაარსებიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა და 2018 წლის 1,6%-მდე შემცირებული რუსული დენის წილი 2 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.

სააქციო საზოგადოება “ინტერ რაოს” პრეზენტაციაზე პირდაპირ ითქვა, რომ კომპანია 2021 წელს გეგმავს საზღვარგარეთის ქვეყნებს 15 მლრ კვტ. სთ. ელექტოროენერგია მიაწოდოს, 28%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს.

კომპანია ვარაუდობს, რომ ძირითადი მყიდველები ბალტიის ქვეყნები (ლატვია და ლიტვა) იქნებიან და მათ წილად გაყიდვების 33% მოვა. ფინეთის წილი გაყიდვის მთლიან მოცულობაში 27% იქნება, ჩინეთის – 21%, ყაზახეთის – 8%, საქართველოსი – 6%, სხვა ქვეყნების კი – 5%.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული იყო 570 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია, „ინტერ რაოს” მიერ პრეზენტაციაზე გაცხადებული 6%-იანი წილი საერთო ექსპორტში კი არის 900 მლნ კვტ სთ ანუ 57,7%-ით მეტი, ვიდრე წინა, 2020 წელს, 71,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს და 335,8%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.

პანინა ამ გეგმის განმხორციელებელი პატარა ჭანჭიკია, დიდი გეგმები კი გაცილებით  მნიშვნელოვანი პერსონების მიერ იგეგმება და ამ დოკუმენტს სახელად რუსეთის ენერგოდოქტრინა ჰქვია…

 რუსეთი VS  საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა

2014 წელს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ენერგეტიკული დოქტრინა გამოქვეყნდა, რომელიც უახლოეს 2014-2020 წლებში რუსეთის მოქმედების სტრატეგიას გულისხმობდა.

6 წლიანი დოქტრინის მიხედვით, რუსეთმა ზედმიწევნით ზუსტად გათვალა, რომ  განვითარებულ ბაზრებზე მოთხოვნა რუსულ ენერგომატარებლებზე მოიკლებდა. დოქტრინაში პირდაპირ წერდნენ, რომ ძირითადი მომხმარებელი, ევროპა ეძებდა ალტერნატიულ წყაროებს, რადგან ევროპაში აქტუალურია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, ის მიიჩნევა არასანდო პარტნიორად და მისი ენერგომატარებლების ფასი ხშირად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული.

დოქტრინის მიხედვით, შემცირებული გაყიდვების დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო რეგიონის და განვითარებად ბაზრებზე ექსპანსიით, სადაც ეკონომიკა და მოთხოვნა შესაბამისად მზარდია.

ამ ფონზე, რუსეთი ცდილობს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელი შეუშალოს ახალი პროექტების განხორციელებას, რომელიც მასზე დამოკიდებულებას ამცირებს. და თავის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერს:

 

Целями государственной региональной энергетической политики на федеральном уровне являются создание единого экономического пространства в энергетической сфере путем развития межрегиональных рынков энергоресурсов и транспортной инфраструктуры, оптимизация территориальной структуры производства и потребления топливноэнергетических ресурсов.

Для каждого из них должны разрабатываться индивидуальные программы обеспечения энергетическими ресурсами. 

ამ კონტექსტში ერთ-ერთი იყო და არის საქართველო, რომელიც აქტიურად განიხილებოდა როგორც სატრანზიტო ქვეყანა ევროპაში აზიური ენერგომატარებლებისთვის, გარდა ამისა, ის ცდილობს განავითაროს საკუთარი ჰიდროენერგეტიკა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკურ და გავლენის სფეროს გაძლიერების  ინსტრუმენტად, ამიტომ მისი ინტერესი, საქართველო არ გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი, დიდია. შესაბამისად, რუსეთის ინტერესებშია საქართველოში არ მოხდეს ჰიდრორესურსების ათვისება. რუსეთის სამოქმედო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი დაუმორჩილებელი რეგიონების დასჯააცაა.

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორთან მიმართებაში დასახული გრანდიოზული და ამბიციური გეგმების 2021 წლის ეტაპისთვის რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-იანი ზრდის შესახებ განცხადება ინტერ რაოს საერთაშორისო სტანდარტების ფინანსური ანგარიშების პრეზენტაციაზე გაკეთდა.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემების თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, შარშან, მთელი წლის განმავლობაში ექსპორტირებულთან შედარებით, 94,3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წელთან შედარებით 437%-ით.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა, რაც 2010 წლის 1 117,1 მლნ კვტ.სთ-დან 2018 წლის ბოლოს 96.9 მლნ კვტ.სთ-მდე იყო შემცირებული, 2019 წელს 52,2 მლნ კვტ.სთ-მდე დავიდა, ხოლო 2020-21 წლებში კი – შეწყდა.

 

ეს მეტად სევდიანი ამბავი ჰისტოგრამებში ასე გამოიყურება:

 

 პანინას დაანონსებული  გეგმა გადაჭარბებით შესრულდა!

თავის გამოსვლაში, ალექსანდრა პანინამ ხაზგასმით ახსენა რეექსპორტი (რუსეთიდან საქართველოს გავლით ელრექტროენერგიის ტრანზიტი) და ტყუილად არ უხსენებია… 2018-2020 წლების ნულოვანი დონის ნაცვლად 2021 წლის 11 თვეში 462,1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განახორციელა რუსეთმა (321,8 მლნ კვტ.სთ თურქეთში და 241,3 მლნ კვტ.სთ სომხეთში)…

 

გიორგი კაპანაძე (ეკონომისტი) “ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან ექსპორტის მოცულობა პრაქტიკულად განულდა უკრაინასა და ბელარუსში, ძალზედ შემცირდა ტრადიციულად რუსეთის ელექტროენერგიის მომხმარებელ ლიტვაში და ფინეთში. არ შემცირებულა მოცულობა, მაგრამ ამონაგები ზამთრის პერიოდში ჩინეთში შორეული აღმოსავლეთის რეგიონების ძვირიანი ელექტროენერგიის ექსპორტიდან იმდენად შემცირდა, რომ „ინტერ რაომ“ შესაძლო ზარალის გამო ექსპორტის შეწყვეტა არ გამორიცხა და ამის შესახებ ჩინეთი წინასწარ გააფრთხილა.

შესაბამისად, რუსეთმა იგრძნო ბაზრის დაკარგვის საფრთხე და  დაიწყო დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება კონკურენტი იმპორტიორების მიმართ.

ამ მიზნით,  “ენერგეტიკულ ანექსიაში” შემოიყვანეს მათთან მჭიდრო ბმაში მყოფი პირები, რომლებიც ფაქტების გაყალბებით, მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს რუსული დენი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე იმპორტი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ან სომხეთიდან. ოღონდ დენის ტარიფს ითვლიან იანვრის თვის ათდღიანი მონაკვეთის ფასით, როცა რუსეთში უქმეებია და დიფერენცირებული ტარიფი კილოვატზე გაცილებით დაბალია, ვიდრე პიკური მოხმარების დროს.”

კითხვები, რომელზე პასუხიც “კომერციული საიდუმლოებაა”!

რა უჯდება რუსული დენი საქართველოს?
რამდენად ვყიდულობთ რუსეთისგან ელექტროენერგიას?
როგორ შევადაროთ იმპორტიორების ფასები?
ვის ჯიბეში მიდის საქართველოს მოქალაქეებისგან ამოღებული მილიონები?
რა დოზით შემოვიდა რუსეთი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში?
რის დამალვას ითხოვს ინტერ რაო სახელმწიფოსგან?

ამ კითხვებზე პასუხს “აიპრესი” თვეების განმავლობაშია ითხოვს და ბოლო კომუნიკაცია ესკოსთან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სამი კვირის წინ გვქონდა. ყველა ჯერზე პასუხი ერთი და იგივეა – კომერციული საიდუმლოა..

ესკომ გადაწყვიტა, დავერწმუნებინეთ იმაში, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით “რუსეთმა 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის შესახებ დასახული გეგმა უკვე შეასრულა“ არ შეესაბამებოდა რეალობას და ცდილობს დაგვაჯეროს იმაში, რომ „საქართველოში (აფხაზეთის გარეშე) აზერბაიჯანიდან რუსეთთან შედარებით 4-ჯერ მეტი ენერგიაა იმპორტირებული.“

უწყება, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტის ღირებულებას კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევს და საზოგადოებას უმალავს რომელი ქვეყნიდან რა ფასად შემოგვაქვს დენი, „აიპრესისადმი“ გამოგზავნილ თავის პასუხში აპელირებს იმაზე, თითქოს იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდა უკავშირდება სამთვიან სარემონტო სამუშაოებს ენგურჰესზე.

„მოგეხსენებათ, 2021 წლის იანვრიდან, 3 თვიანი სარემონტო სამუშაოების გამო, გაჩერებულია ენგურჰესი, (ენგურჰესის გამომუშავება საქართველოს მთლიანი გამომუშავების (35÷40)%-ს შეადგენს), რამაც გამოიწვია იმპორტირებული ელ.ენერგიის მოცულობის გაზრდა, იანვარ-მარტის თვეებში საქართველოს იმპორტმა შეადგინა 1  მლრდ. 437,7 მლნ.კვტსთ, აქედან რუსეთიდან იმპორტირებული იქნა 863,6 მლნ.კვტსთ.

ამის გამო 3 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიიდან აფხაზეთს მიეწოდა 750,3 მლნ.კვტსთ (რუსეთიდან იმპორტის 87%), ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტირებულია 113,3 მლნ.კვტსთ.

და ამ დროს, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ ფონზე ელექტროენერგიის ტარიფებზე გავლენები ასმაგად საყურადღებო უნდა იყოს.

რა ხდება ამ დროს ოკუპირებულ აფხაზეთში?

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, სრული ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაშინ, როდესაც რთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით (10 000 კვტსთ-ზე მეტი), ოკუპირებული აფხაზეთი მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილს აშშ-ს ეცილება!

შარშან, იანვარ-აპრილში, სადისტრუბაციო კომპანია აფხაზეთს მიეწოდა 996,556 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, წლევანდელთან შედარებით 158,884 მლნ კვტსთ-ით ნაკლები.

რუსეთიდან იმპორტით შემოტანილი 1 036,962 მლნ კვტსთ და ენგურჰეს-ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული 248,872 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან, სულ 1 285,834 მლნ კვტსთ ელექტროენერგიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარებულია 1 155,440 მლნ კვტსთ.

ცხადია, მოხმარებულია არა მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ჯარის და ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინმოპოვებით დაკავებული ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენების მიერ.

შეგახსენებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ზოგიერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის 1 კვტსთ ელექტროენერგიაზე დაწესებულ ტარიფებს:

ჯანდაცვის და განათლების სფეროს არაკომერციული ორგანიზაციები – 0,30 რუბლი

ფიზიკური პირები, რომლების ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ – 0,40 რუბლი

სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებიან – 0,60 რუბლი

სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და აგრეთვე, მათთან გათანაბრებული მომხმარებლები, მათ შორის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ობიექტებს – 0,95 რუბლი.

მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში შარშანდელზე 19%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარეს

ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, მაისიდან 16 ივნისამდე პერიოდში, გახარჯულია 260 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 19%-ით მეტი.
 
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის თქმით, 2021 წლის ხუთ თვეში, გახარჯულია შარშანდელთან შედარებით 267 მლნ კვტ.სთ-ით ანუ 25%-ით მეტი ელექტროენერგია (ესკოს მონაცემებით წელს 275 მლნ კვტ.სთ-ით მეტი ელექტროენერგიაა გახარჯული. სხვაობა, სავარაუდოდ, იმით არის გამოწვეული, რომ ერთ შემთხვევაში აღრიცხულია მთლიანი მიწოდება, დანაკარგების გაუთვალისწინებლად, მეორე შემთხვევაში კი აღრიცხულია სუფთა მოხმარება).
 
კრისტინა ოზგანმა თათბირის მონაწილეებს თითოეული რაიონის მიერ გახარჯული ელქტროენერგიის რაოდენობის შესახებ მონაცემები გააცნო. მისი თქმით 1 მაისიდან – 16 ივნისამდე პერიოდშძი ყველაზე მეტი ელექტროენერგია გაგრის რაიონში გახარჯეს, ყველაზე ნაკლები კი – გალის რაიონში.
თათბირზე აღინიშნა, რომ კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის საწინაღმდეგო ზომების გატარების შემდეგ გამოვლენილი იქნა 359 მაინინგ-ფერმა და 22 610 ფერმა გატანილი იქნა რუსეთში, თუმცა იქვე ისიც აღნიშნეს, რომ მხოლოდ ოფიციალურად 66 856 ფერმა იყო შემოტანილი.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიაზე უაღრესად დაბალი ფასის მიუხედავად იურიდიულ პირებს გახარჯული ელექტროენერგიის 87%-ის , ფიზიკურ პირებს კი 22%-ის საფასური აქვთ გადახდილი.

ისევ სემეკი და კომერციული საიდუმლო…

საიდუმლო, რომელსაც ფორმალურად “კომერციული” ეწოდება და რომელიც კიდევ ერთხელ 2020 წელს კანონმდელობით გაამყარა სემეკმა, სწორედ იმ საიდუმლოებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის საიდუმლოდ შენახვაზე ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლება ზრუნავდა.

თადარიგის დაჭერა არც სემეკში დაავიწყდათ.  2020 წლის 12 ნოემბერს ახალი კანონი მიიღეს, რითაც  კიდევ უფრო მეტად გაამყარეს თავიანთი არგუმენტი კონფიდენციალურობის შესახებ. “კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N69/21 გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგიის იმპორტის ფასების შესახებ ინფორმაცია მიჩნეულია კონფიდენციალურ ინფორმაციად.

რატომ არის კონფიდენციალური? – იმიტომ, რომ ესკო დღემდე “ნაცმოძრაობის” დროს, ალექსანდრე ხეთაგურის მიერ გამოცემული ბრძანებით მოქმედებს.

სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი”-ს (შემდგომში – ესკო) სტატუსი და ფუნქციები განსაზღვრულია “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“, ასევე, ესკო-ს წესდებით. აღნიშნული ნორმატიული აქტებიდან და ესკო-ს წესდებიდან გამომდინარე, ესკო არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას.

რა წერია „ნაცმოძრაობის“ დროს მიღებულ კანონში ანუ  ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში?

ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლი, სადაც წერია, რომ – „კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას”.

ესკოს ხელმძღვანელობამ ერთპიროვნულად, კანონისა და მინისტრის ზემოთ მოყვანილი ბრძანების უხეში დარღვევით, გადაწყვიტა, რა ინფორმაცია შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება და რა არა, მაშინაც კი, როდესაც მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობა თავად იმპორტიორების მხრიდან არ არსებობს.

აფბა”: ფასების დამალვა ესკო მხრიდან არამათლზომიერ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს

  ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია, რომელმაც ანალოგიური პასუხი მიიღო ესკო-სგან, „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ესკო-ს ამ პასუხში, უგულებელყოფილია საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველა ელემენტარული პირობა.

უფრო მეტიც, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასების საზოგადოებისთვის დამალვა, ესკოს მხრიდან არამართლზომიერ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს.

პარლამენტარი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ როცა საიდუმლოა კონტრაქტი, ესე იგი, ვიღაცის ინტერესებშია ეს და საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.

რომან გოცირიძე: ჯერჯერობით, დენი შემოგვაქვს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს პროცესი ვაქცინის შემოტანასავით იქნება: ოღონდ ვინმემ მოგვაწოდოს და ფასი არც იქნება მნიშვნელოვანი. სამეზობლოდან ელექტროენერგიის ექსპორტი იქნება პრობლემა. სომხეთში ატომური ელექტროსადგური დაიხურება. დიდი ხანია გასაუქმებელია, ძველი სადგურია და დიდ საფრთხეს უქმნის რეგიონს.

ტარიფი უფრო ძვირიც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა გარკვეული კონკურენცია საიმპორტო ბაზარზე და ენგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებიცაა განლაგებული.

ერთის მხრივ, ჩვენ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, მეორეს მხრივ ენგურიდან გამომდინარე, რუსეთიც გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენზე.

რაც შეეხება კონფიდენციალურობას, შეთანხმების მონაწილე არის ორი მხარე და თუ რომელიმეს არ უნდა რაიმეს დამალვა, ვერ იქნება კონფიდენციალური. როცა რაღაცას ასაიდუმლოებენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები.  და, როგორც წესია, ასეთ დროს არის კორუფცია და ერთი და მეორე მხარე ატყუებს თავ-თავიანთი ქვეყნების ხალხს.

2021 წლის 11 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულია 2006-2021 წლების პერიოდისთვის

სტატია ჰესებით დავიწყეთ და ამითვე დავამთავრებთ… “არა ჰესების” კამპანიის ფონზე, საქართველოში 2021 წლის ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1 203,570 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 14,91%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ნოემბერში იყო მოხმარებული.

ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, ნოემბრის თვის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა:

2006 – 693,416 მლნ კვტსთ
2007 – 694,917 მლნ კვტსთ
2008 – 633,516 მლნ კვტსთ
2009 – 684,204 მლნ კვტსთ
2010 – 743,800 მლნ კვტსთ
2011 – 868,276 მლნ კვტსთ
2012 – 774,291 მლნ კვტსთ
2013 – 810,880 მლნ კვტსთ
2014 – 908,741 მლნ კვტსთ
2015 – 869,091 მლნ კვტსთ
2016 – 968,425 მლნ კვტსთ
2017 – 1 033,623 მლნ კვტსთ
2018 – 1 077,125 მლნ კვტ,სთ
2019 – 1 068,759 მლნ კვტ.სთ
2020 – 1 047,401 მლნ კვტსთ
2021 – 1 203,570 მლნ კვტსთ

2021 წლის იანვარ-ნოემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 12 406,67 მლნ კვტსთ, რაც 13,42%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-ნოემბერში იყო მოხმარებული.

ესკოს ვებგვერდზე ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ დაცული მონაცემების თანახმად, იანვარ-ნოემბრის ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა:

2007 – 6 964,179 მლნ კვტსთ
2008 – 7 309,283 მლნ კვტსთ
2009 – 6 860,865 მლნ კვტსთ
2010 – 7 617,200 მლნ კვტსთ
2011 – 8 324,444 მლნ კვტსთ
2012 – 8 461,738 მლნ კვტსთ
2013 – 8 700,566 მლნ კვტსთ
2014 – 9 182,315 მლნ კვტსთ
2015 – 9 364,447 მლნ კვტსთ
2016 – 9 863,068 მლნ კვტსთ
2017 – 10 711,441 მლნ კვტსთ
2018 – 11 413,482 მლნ კვტსთ
2019 – 11 592,470 მლნ კვტსთ
2020 – 10 938,344 მლნ კვტსთ
2021 – 12 406,687 მლნ კვტსთ

ესკოს ვებ გვერდზე იმპორტ-ექსპორტის შესახებ არსებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 74,359 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. მათ შორის, რუსეთიდან 51,259 მლნ კვტ.სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან 23,101 მლნ კვტ.სთ.

სულ მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 1 798,840 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია. მათ შორის, რუსეთიდან 1 108,884 მლნ კვტ.სთ, აზერბაიჯანიდან – 528,776 მლნ კვტ.სთ, თურქეთიდან კი – 161,18 მლნ კვტ,სთ.

ცნობისთვის, 1989 წელს საქართველო გამოიმუშავებდა 14,5 მლრდ კვტ.საათ ელექტროენერგიას, ხოლო 4,5 მლრდ კვტ.სთ სხვა რესპუბლიკებიდან შემოქონდა.

პ. ს. და მაინც? რა ღირს რუსული დენი საქართველოსთვის? უფრო სწორად, რა უჯდება ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა? დენის ფასი საიდუმლოა, რაც შეეხება იმას, რა უჯდება ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა, ვერ გეტყვით, სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, რომ ძალიან ძვირი გვიჯდება და დაგვიჯდება ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე…

სტატიის ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

წყარო: ipress.ge

Leave a Reply