გამოიწვევს თუ არა ელექტროენერგიაზე ფასების უკონტროლო ზრდას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევის მთავარ მიზეზებად სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზაობა და შიშებია, რაც, არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირჟის ამოქმედებამ თავდაპირველად ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ფასების უკონტროლო ზრდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა გარკვეულ ბიზნესებს. ქართულ რეალობაში, ენერგიის ფასების მნიშვნელოვნად მატების შემთხვევაში შესაძლოა ზოგ კომპანიას რამოდენიმე დღით წამოების გაჩერებაც კი მოუწიოს, რაც დიდ ზარალთანაა დაკავშირებული.

იმის გასარკვევად, თუ ხდება აღნიშნული კუთხით მონაწილეებთან მუშაობა და ევროპის ქვეყნების რა გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა:

ქ-ნი ირინას სიტყვებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, არსებული ბაზრის მოდელის პირობებშიც კი, რამდენჯერმე მოხდა სამომხმარებლო ტარიფების ზრდა სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, არსებული მოდელის შენარჩუნება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ფასიც არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება: “გეთანხმებით, რომ ბევრ ქვეყანაში კონკურენტულმა ბაზარმა ფასების ზრდა გამოიწვია, რაც მოსალოდნელიც იყო. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, კონკურენციის განვითარებასთან ერთად, ფასები შემცირდა და დასტაბილურდა. საქართველოს რეალობაში კონკურენტული ბაზრის განვითარების შედეგი ადგილობრივი გენერაციის განვითარება უნდა იყოს, რომელმაც ეტაპობრივად უნდა ჩაანაცვლოს იმპორტირებული, ძვირიანი ელექტროენერგია და ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს” – განმარტავს ის.

მისთვის ასევე რთულია სათქმელია, თუ საწყის ეტაპზე როგორი იქნება ბაზრის ახალი მოდელის გავლენა ელექტროენერგიის ტარიფებზე, ვინაიდან ქვეყანა არსებითად განსხვავებულ სატარიფო სისტემაზე გადადის. “საბითუმო დონეზე თვის ტარიფის ნაცვლად გვექნება დროში დიფერენცირებული ტარიფები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება სეზონის, თვის და დღის სხვადასხვა მონაკვეთებში და არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი ბაზრის გასაშუალოებული ტარიფი მნიშვნელოვნად არც შეიცვალოს დღევანდელ ტარიფებთან შედარებით” აცხადებს ქ-ნი ირინა.

მას ლოგიკურად მიაჩნია მონაწილეების სიფრთხილეც: “გასაგებია, რომ ყოველსაათობრივი ტარიფები მათთვის სიახლეა და არასტაბილურ ხარჯებთან ასოცირდება, მაგრამ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მათ შეუძლიათ ბაზრის სხვა სეგმენტი – ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი გამოიყენონ, სადაც ისინი ენერგიის შესყიდვას გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების გზით შეძლებენ” აღნიშნავს ირინა მილორავა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply