16 დეკემბერს ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თუ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გარეშე 5-6 დღეში ენგურჰესი მუშაობის შეჩერება ემუქრებოდა
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გარეშე ენგურჰესი, წყლის არასაკმარისი რესურსის გამო, მუშაობას ვეღარ შეძლებს და გაჩერდება, – განაცხადა ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა არჩილ მებონიამ 16 დეკემბერს „ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.
არჩილ მებონიას განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაგირება და რუსეთმა საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა.
ესკოს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 18 და 19 დეკემბერს ელექტროგადამცემი ხაზების, „სალხინოს” და „ნაკადულის” მეშვეობით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ 10,7 მლნ კვ.ტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.
ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, აფხაზეთში, შემოდგომის ბოლოდან, დაგეგმილზე 1,7 მლნ კვტ.სთ-ით მეტი ელექტროენერგია ყოველდღიურად მოიხმარებოდა. პრესა აღნიშნავს, რომ 2020 წლის თებერვალ-მარტში რუსეთიდან მიწოდებული 69,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურის (162 მლნ რუბლი) გადახდას დე ფაქტო ხელისუფლება საინვესტიციო პროგრამის ხარჯზე გეგმავს, რაც შეეხება 2021 წელს მიწოდებული დაახლოებით 1 მლრდ. კვტ.სთ-ის საფასურს, ე.წ. პრემიერ-მინისტრის კრისტინა ოზგანის თქმით, რუსეთს ანგარიში ჯერ არ წარუდგენია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფი სხვადასხვა წელს სხვადასხვა იყო და 2,6-3,6 რუბლი/კვტ.სთ-ში ფარგლებში მერყეობდა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ 2019 წელს 2 059,9 მლნ კვტ.სთ, 2020 წელს 2552,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყო მოხმარებული, წელს 11 თვის განმავლობაში კი უკვე მოხმარებულია 2 628,9 მლნ კვტ.სთ და წლის ბოლოს ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, სულ მცირე, 2 900 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზრდება. 11 თვეში გახარჯული მოცულობიდან 909,1 მლნ კვტ.სთ არის ენგურჰესის სარეაბილატაციო სამუშაოების ჩატარების პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებული, ხოლო დანარჩენი ვარდნილი და ენგური ჰესებიდან მიწოდებული ელექტროენერგია.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ოკუპირებული აფხაზეთი მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილს აშშ-ს ეცილება.
წყარო: ipress.ge